გიორგი გახარია - ოპოზიცია ჩვენს პარტნიორებს ათას ზღაპარს უყვებოდა, იბრძოლეს უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის, დღეს კი აცხადებენ, რომ ყველაზე რეიტინგულ ძალასთან კოალიციას არ შექმნიან
გიორგი გახარია - ოპოზიცია ჩვენს პარტნიორებს ათას ზღაპარს უყვებოდა, იბრძოლეს უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის, დღეს კი აცხადებენ, რომ ყველაზე რეიტინგულ ძალასთან კოალიციას არ შექმნიან

ოპოზიცია მთელ მსოფლიოში დარბოდა, შეაწუხეს ჩვენი პარტნიორები, უყვებოდნენ ათას ზღაპარს, იბრძოლეს უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის, დღეს კი აცხადებენ, რომ ქვეყნის ყველაზე რეიტინგულ ძალასთან კოალიციას არ შევქმნითო, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოპოზიციური პარტიების მიერ ხელმოწერილ მემორანდუმს, რომლის თანახმად ისინი „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციური მთავრობის შექმნაზე უარს ამბობენ.

გახარიას თქმით, ოპოზიციის ქცევა არათანმიმდევრული და ლოგიკას მოკლებულია.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ მთავრობის ფორმირებისთვის კოალიციის შექმნა არ დასჭირდება.

„მარტივი რამე მინდა აგიხსნათ თქვენც და ჩვენს ტელემაყურებლებსაც. ყველას კარგად გვახსოვს 8 მარტის შეთანხმება. ოპოზიციამ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, საქართველოს შემდგომი განვითარება და დემოკრატია კი არა, ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხად დააყენა პროპორციული საარჩევნო სისტემა.

ადამიანები, რომლებიც გვიმტკიცებდნენ, რომ ქვეყნის უკეთესი მომავლისა და დემოკრატიული პროცესების გაძლიერებისკენ არიან მოწოდებული და რომლებმაც უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემის მისაღებად იბრძოლეს, გამოდიან და აცხადებენ, რომ ქვეყნის ყველაზე მსხვილ, ყველაზე რეიტინგულ ძალასთან კოალიციას არ შექმნიან. ეს სრული არათანმიმდევრულობაა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არევაა, ლოგიკა საერთოდ არაა.

თან მთელ მსოფლიოში დარბოდნენ, შეაწუხეს ჩვენი პარტნიორები, უყვებოდნენ ათას ზღაპარს, აზიანებდნენ ქვეყანას, მერე თქვეს, რომ მათ გაიმარჯვეს, მიაღწიეს პროპორციულ საარჩევნო სისტემას, ხვალ არჩევნები გვაქვს და დღეს ხელს აწერენ რაღაცას, რომ თურმე კოალიციის შექმნის წინააღმდეგები არიან. ნუ არათანმიმდევრულობის პიკია.

სამწუხაროდ, ასეთი უპასუხისმგებლო ოპოზიცია გვყავს, რომელიც ამას აკეთებს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და „ქართულ ოცნებას“ კოალიცია არ დასჭირდება. იმედი გვაქვს, 2024 წელს ოპოზიცია გონს მოეგება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.