გიორგი გახარია - ოჯახში ძალადობის მოტივით ქალთა მკვლელობა კარდინალურად არის შემცირებული
ოჯახში ძალადობის მოტივით ქალთა მკვლელობა კარდინალურად არის შემცირებული, – ამის შესახებ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გიორგი გახარიამ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება.
„რისკების შეფასების სისტემამ ოჯახური ძალადობის ნაწილში, ასევე შემაკავებელმა ორდერებმა მოგვცა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეფექტი და შედეგი. შემაკავებელი ორდერების რაოდენობა გაიზარდა და თუ არ ვცდები ექვსი ათასს გადასცდა, მაგრამ ეს არ არის შედეგი. შედეგი არის ის, რომ ოჯახში ძალადობის მოტივით ქალთა მკვლელობა კარდინალურად არის შემცირებული ქვეყანაში. არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა 2018 წლის განმავლობაში, როდესაც მსგავსი მძიმე დანაშაული მომხდარიყო შემაკავებელი ორდერის არსებობის პირობებში. რაც ყოველთვის პრობლემა იყო წლების განმავლობაში“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
გიორგი გახარიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას, დროებითი მოთავსების იზოლატორებზეც ისაუბრა.
„დროებითი მოთავსების იზოლატორებში ინფრასტრუქტურა იქნა განვითარებული, თითქმის ყველგან ჩატარდა რემონტი, გაიზარდა სამედიცინო პერსონალის რაოდენობა. გაიზარდა ვიდეოკამერების რაოდენობა, გაიზარდა ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა. ამ ყველაფერს კი მოჰყვა შესაბამისი შეფასება „ევროპის წამებისა და არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობისა და დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტის“ (CPT) დასკვნებშიც. ჩვენ ეს წინასწარი პოზიტიური გამოხმაურება უკვე გვაქვს“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.