გიორგი გახარია - ნარკოტიკებთან ბრძოლა არ დაწყებულა „ბასიანით“ და არც დამთავრდება „ბასიანით“
გიორგი გახარია - ნარკოტიკებთან ბრძოლა არ დაწყებულა „ბასიანით“ და არც დამთავრდება „ბასიანით“

შსს-თვის დღეს ნარკოტიკებთან ბრძოლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ნარკოტიკებთან ბრძოლა არ დაწყებულა „ბასიანით“ და არც დამთავრდება „ბასიანით“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც 12 მაისს კლუბებში ჩატარებულ საპოლიციო ღონისძიებებს შეეხებოდა.

გიორგი გახარიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურს გააკეთებს, რომ ყველა სახის ნარკოტიკებთან ბრძოლა ეფექტური იყოს.

„შსს-თვის არ იარსებებს დახურული სივრცეები მაშინ, როდესაც საკითხი ეხება ნარკოტიკებს. ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ ყველა სახის ნარკოტიკებთან ბრძოლა იყოს ეფექტური. თუმცა, რა თქმა უნდა, ნარკოტრაფიკი და ნარკოტიკებთან ბრძოლა არის ტრანსსასაზღვრო პრობლემა, ამიტომ ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობა და საერთაშორისო პარტნიორები ვერც გვეხმარებიან ამ მიმართულებით. ამ მიმართულებით ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ პარლამენტთან ერთად, განსაკუთრებით ახალი ნარკოტიკების გაჩენასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, მხოლოდ აპრილში ახალი ნარკოტიკის აკრძალულ სიაში პარლამენტმა მეფედრონი შეიყვანა და დღეს უკვე ის არის დასჯადი ქიმიური შემადგენლობა. ამ მიმართულებით, შსს ბევრს აკეთებს. ბოლო ხუთი თვის განმავლობაში მაგალითად, ამოღებულია 13 კგ ჰეროინი, 7 ათასი აბი მეტადონი და ასე შემდეგ. ამიტომ ვთვლი, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლა უნდა იყოს არა მხოლოდ შსს-ს პრიორიტეტი, არამედ ყველას პრიორიტეტი, როგორც საკანონმდებლო, ასევე ოპერატიულ დონეზე. მზად ვართ, ეფექტურად განვახორციელოთ ჩვენი უფლებამოსილება და იმედი გვაქვს, საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწაში ისევე, როგორც ქურდული სამყაროს მიმართულებით, პარლამენტი დაგვიჭერს მხარს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი