გიორგი გახარია „ნაციონალურ მოძრაობას“ - თქვენ ის ხალხი ხართ, რომელმაც ახალგაზრდობის გულწრფელ პროტესტს პარლამენტის შენობაზე შტურმის, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის სახე მიეცით
გიორგი გახარია „ნაციონალურ მოძრაობას“ - თქვენ ის ხალხი ხართ, რომელმაც ახალგაზრდობის გულწრფელ პროტესტს პარლამენტის შენობაზე შტურმის, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის სახე მიეცით

ბატონო რომან, 20 ივნისს თქვენ რომ ამ დარბაზში იჯექით, ოცნებობდით, რომ პოლიციის კორდონი გარღვეულიყო და ხალხი აქ შემოჭრილიყო; ეს იყო მაშინ თქვენი ოცნება, ამაში დარწმუნებული ვარ და თქვენც იცით, რომ ეს ასე იყო, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დეპუტატ რომან გოცირიძის მიერ 20 ივნისის თემაზე დასმულ კითხვას.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პოლიციელებს, რომლებიც ბოთლების სროლას ითმენდნენ და სახელმწიფოს იცავდნენ.

„სხვა არაფერი გამოძრავებდათ თქვენ, ვინც აქ ისხედით, ყველას. ამის ფოტოებიც მაქვს და კადრებიც. თქვენ ოცნებობდით, რომ ხალხი შემოიჭრებოდა და თქვენ ის ხალხი ხართ, რომელმაც ადამიანების, ახალგაზრდობის გულწრფელ პროტესტს, იმდენი ქენით, რომ სახე შეუცვალეთ და პარლამენტის შენობაზე შტურმის, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის სახე მიეცით. ეს თქვენ გააკეთეთ, ეს თქვენი შემოქმედება იყო და რატომ უნდა მოგიხადოთ ბოდიში, ვერ ვხვდები. პირიქით, მადლობას ვუხდი იმ პოლიციელებს, რომლებიც აქ იდგნენ, ითმენდნენ ბოთლების სროლას, რკინების თავში დარტყმას, გატაცებებს და ყველაფერს და ქვეყანა დაიცვეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას შეფასებით, გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იყო პოლიტიკური დანაშაული, რომელზეც საქართველოს ხელისუფლებამ თავისი პოლიტიკური ფასი გადაიხადა.

„საქართველოს მტერს ჩვენ საკადრისს პასუხს გავცემთ ყოველთვის. გავრილოვით როცა სპეკულირებს ოპოზიცია, ეს არის პრობლემა. მე, როგორც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი ვიმოქმედებ კანონის შესაბამისად. გავრილოვი ამ სავარძელში იყო პოლიტიკური დანაშაული, რომელზეც საქართველოს ხელისუფლებამ თავისი პოლიტიკური ფასი გადაიხადა. ვუმეორებ ქალბატონ სამადაშვილს, რომელმაც პოლიტიკურ დანაშაულსა და სისხლის სამართლის დანაშაულს შორის სხვაობა არ იცის, როგორც ჩანს. სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს ბატონებმა, რომლებიც პასუხს აგებენ, სასამართლო პროცესები ჩატარდა. ამას იურისტობა არ უნდა, ელემენტარული ცოდნაა საჭირო, რომ სასამართლო პროცესები დასრულდა, ხალხმა აღიარა, რომ პარლამენტის შტურმში მონაწილეობდა. იმის დროც მოვა, ბატონებო, როდესაც გამოძიებით დადგინდება ამ შტურმის ორგანიზატორები ვინ იყვნენ. რამდენიმე საიდუმლოს გაგიმხელთ, ამ შენობაში მე მარტო კი არ ვიყავი. ამ შენობის მე-3 სართულიდან იცით რა კარგად ჩანდა ყველაფერი? – იდეალურად. სახეებით, გარდა იმისა, რომ ჩვენმა მოსახლეობამ ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში ნახა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა კიდევ ერთი აქცია, რომელიც მისი შინაგან საქმეთა მინისტრობისას გაიმართა და როდესაც ერთ მხარეს იყო ოპოზიცია, ხოლო მეორე მხარეს მოქალაქეების სხვა ჯგუფი შეიკრიბა.

„მე მახსოვს ოპოზიციის ზოგიერთი წევრის გაშმაგებული სახე, რომელიც ამბობდა, რომ ეს ადამიანები თუ ახლოს მივლენ ერთმანეთთან და ხელს დაარტყამენ, ეს გვინდაო. ეს ყველაფერი არსად წასულა და ამას ყველაფერს კადრებიც ახლავს, ხალხიც იმახსოვრებს და ისტორიაც, გაითვალისწინეთ“, – მიმართა პრემიერმა „ნაციონალურ მოძრაობას“.