გიორგი გახარია - მთავრობისთვის აუცილებლობაა, იყოს პასუხისმგებლიანი, პრაგმატული და ეფექტური, ოპოზიციას, სამწუხაროდ, შეუძლია, თავს უფლება მისცეს, იყოს პოპულისტური, ზოგჯერ ამპარტავანიც
გიორგი გახარია - მთავრობისთვის აუცილებლობაა, იყოს პასუხისმგებლიანი, პრაგმატული და ეფექტური, ოპოზიციას, სამწუხაროდ, შეუძლია, თავს უფლება მისცეს, იყოს პოპულისტური, ზოგჯერ ამპარტავანიც

300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი და გვაქვს ობიექტური სურვილი, რომ უფრო მეტად დავეხმაროთ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, თუმცა ის რესურსი, რომელიც ეკონომიკას აქვს, უკიდურესი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ, რათა ყველაზე მძიმე სცენარებისთვის მზად ვიყოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნულ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ საჭირო გახდეს დამატებითი დახმარება, ვინაიდან მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების დაფარვის პარალელურად, ტურისტული სექტორისთვის პირველ ეტაპზე შეთავაზებული დახმარებაც დღეს უკვე არარელევანტურია.

„მაშინდელი გადასახედიდან ეს აქტუალური იყო. ეს არის ჩვენი დღევანდელი მდგომარეობის ყველაზე დიდი პრობლემა, რომ პროგნოზი შეუძლებელია. ეს გაურკვეველი მდგომარეობა ჩვენ გვაყენებს იმ მდგომარეობაში, რომ ის რესურსი, რომელიც ეკონომიკას აქვს, უკიდურესი სიფრთხილით გამოვიყენოთ, რათა ყველაზე მძიმე სცენარებისთვის მზად ვიყოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც გვესმის, რომ ეს დღეს საკმარისი არ არის და არავინ იცის, კიდევ რა სახის ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს. ეს გაურკვევლობა არის ყველაზე დიდი რისკის მომტანი და ყველაზე დიდი პრობლემა“ ,- განაცხადა გახარიამ.

ამასთან, გიორგი გახარიას განმარტებით, მთავრობისთვის აუცილებლობას წარმოადგენს, იყოს პასუხისმგებლიანი, პრაგმატული და ეფექტური, ოპოზიციას კი, სამწუხაროდ, შეუძლია თავს უფლება მისცეს, იყოს პოპულისტური, ხოლო ზოგ შემთხვევაში, ამპარტავანიც.

„მთავრობისთვის აუცილებლობაა, იყოს პასუხისმგებლიანი, პრაგმატული და ეფექტური. ოპოზიციას, სამწუხაროდ, შეუძლია, მისცეს თავს უფლება, იყოს პოპულისტური და ზოგ შემთხვევაში ამპარტავანიც. ამაზე ზოგჯერ ვბრაზდებით, ზოგჯერ ვიღიმებით, ზოგჯერ არ ვაქცევთ ყურადღებას, ზოგჯერ – ვითვალისწინებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე კომენტარი გააკეთა გადასახადების განულებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ინიციატივაზე და აღნიშნა, რომ ეს დღეს აქტუალური არ არის.

„ჩვენთვის საბიუჯეტო შემოსავლებსაც აქვს გარკვეული მნიშვნელობა. ჩვენ დღეს კრიზისის ეტაპზე ვართ და პრიორიტეტია ორი რამ – იმ მოქალაქის სოციალური პირდაპირი ფინანსური დახმარება, რომელმაც შემოსავალი დაკარგა და მეწარმის, ბიზნესის დახმარება ჯერჯერობით მხოლოდ სამუშაო ადგილის შენარჩუნების ნაწილში და იმ კუთხით, რომ შენარჩუნდეს თავად კომპანიაც. რა შეღავათებს გავუკეთებთ, რა ფინანსურ დახმარებას გავუწევთ ეკონომიკური აღორძინების ეტაპზე, ამაზე დღეს არ ვსაუბრობთ“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას განმარტებით, დღეს აქცენტი კეთდება სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ინსტრუმენტებზე, რომლის რესურსებზე ხელმისაწვდომობა უკვე არსებული ბენეფიციარებისთვის მარტივდება და ასევე – სოფლის მეურნეობაზე.

„ჩვენ აგრარული ქვეყანა ვართ, კრიზისისას ქალაქებიდან მოქალაქეების დიდი რაოდენობა მიდის სოფელში. სწრაფად რომ მივეხმაროთ ადამიანებს, ვეუბნებით, რომ ერთწლიანი კულტურის მოყვანისთვის, საბრუნავ საშუალებებს დავუფინანსებთ. საგრანტო პროგრამებს, თუ იყო 20 მილიონი, გავზრდით 40 მილიონამდე. ეს ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხი კი არ არის, რომელიც ეკონომიკური აღორძინების ეტაპზე უნდა განვიხილოთ, არამედ ფერმერის და გლეხის სოციალური დახმარების ინსტრუმენტია, რათა ადამიანს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სოფელში დარჩეს ერთი, ორი ან სამი წლით, მივეხმაროთ მიწის დამუშავებაში. ახლა ვსაუბრობთ ადამიანის მიზნობრივ დახმარებაზე. ბიზნესის და კომპანიების დახმარება ამ ეტაპზე ხდება მხოლოდ სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და ლიკვიდობის მიწოდების თვალსაზრისით. დანარჩენი ყველაფერი, ახალი პროექტების და განვითარების ხელშეწყობა, შემდგომი, ეკონომიკური აღორძინების ეტაპის საკითხია“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.