გიორგი გახარია - მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, ქართული ტრადიციებით, ქართული კულტურული იდენტობით მივაღწიოთ ევროპული, ევროატლანტიკური ინსტიტუტების სრულფასოვან წევრობას
გიორგი გახარია - მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, ქართული ტრადიციებით, ქართული კულტურული იდენტობით მივაღწიოთ ევროპული, ევროატლანტიკური ინსტიტუტების სრულფასოვან წევრობას

მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, ქართული ტრადიციებით, ქართული კულტურული იდენტობით მივაღწიოთ ევროპული, ევროატლანტიკური ინსტიტუტების სრულფასოვან წევრობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის 2019 წლის ბოლო სხდომაზე განაცხადა.

„წელს ჩვენ გავხდით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და ჩვენ ერთმნიშვნელოვნად, სრულად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებს გავაცნოთ  დემოკრატიზაციის ის მიღწევები, ის გამოწვევები, რომელებიც გვაქვს ქვეყანაში და დავანახოთ ყოველდღიური პროგრესი, რომელსაც აღწევს საქართველოს მოქალაქე და ქართული საზოგადოება“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა შავი ზღვის უსაფრთხოებას, როგორც 2019 წელს ნატო-სა და საქართველოს თანამშრომლობაში გაჩენილ ახალ განზომილებას. გიორგი გახარიას თქმით, აღნიშნული საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთი მიმართულებით გაუწიოს ნატოს უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორობა.

„ეს იყო უაღრესად მდიდარი წელი ერთობლივი ვარჯიშებით, რომელთა რაოდენობაც იყო უპრეცენდენტო. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2019 წელს ნატო-სა და საქართველოს თანამშრომლობაში გაჩნდა ახალი განზომილება – შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთი მიმართულებით გაუწიოს ნატოს უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორობა. ეს არის ჩვენი მისია, შავ ზღვაში ვიყოთ უსაფრთხოების გარანტები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ასევე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორთან არასდროს გვქონია ასეთი ღრმა და ყოვლისმომცველი პარტნიორობა, რომელიც გვაქვს დღეს, რომელიც დაფიქსირდა 2019 წელს და რომელიც მოიცავს სრულად ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან განზომილებებს, რომელიც არის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატებთან, ეკონომიკის მიმართულებით ის პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს და, რა თქმა უნდა, ქვეყნის დემოკრატიზაციის მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრმა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია დაასახელა და აღნიშნა, რომ ეს არის 20%-ით ჩვენი ადამიანური კაპიტალის განვითარების და საერთოდ ჩვენი ქვეყნის პოტენციალის შემდგომი განვითარების შეზღუდვა.

„ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მთავრობის, ჩვენი მოქალაქეების პასუხი ამ უაღრესად მძიმე გამოწვევაზე გახლავთ ის, რომ ჩვენი მოქალაქეების უდიდესი ნაწილის 70%-ზე მეტი ერთხმად უჭერს მხარს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს არის ის მიმართულება, რომელიც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენს საგარეო პოლიტიკაში და რომელსაც, რამდენი წელიც არ უნდა დასჭირდეს, საქართველოს თითოეული მოქალაქე თანმიმდევრულად გააგრძელებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.