გიორგი გახარია - მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი
გიორგი გახარია - მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად აღარ გაგრძელდეს  კომენდანტის საათი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამ გლობალური პანდემიის შემდგომი გამოწვევები სულ უფრო და უფრო მძიმდება, მაგრამ ამავდროულად, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი ვალდებულებაა, ქვეყანა ნელ-ნელა, რაციონალურად, მაგრამ ძალიან ფრთხილად ცხოვრების ჩვეულ ტემპს დაუბრუნდეს. სამწუხაროდ, დღეს დაზუსტებით ვერავინ ამბობს, პოსტკოვიდური მსოფლიო როგორი იქნება, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეების წინაშე.

ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ვალდებულება – ფრთხილად, გააზრებულად დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური, ყოველდღიური ცხოვრების მხრივ, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და აღარ გაგრძელდეს შესაბამისად კომენდანტის საათი“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 22 მაისის ჩათვლით მოქმედებს.