გიორგი გახარია - მოვუწოდებ თითოეულ ფერმერს, რაც შეიძლება სწრაფად დაარეგისტრირონ სარგებლობაში არსებული მიწები, რათა მათთვის სასარგებლო სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარები გახდნენ
გიორგი გახარია - მოვუწოდებ თითოეულ ფერმერს, რაც შეიძლება სწრაფად დაარეგისტრირონ სარგებლობაში არსებული მიწები, რათა მათთვის სასარგებლო სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარები გახდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ფერმერებს მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად დაარეგისტრირონ მათ სარგებლობაში არსებული მიწები, რათა გახდნენ იმ პროგრამების ბენეფიციარები, რომლებსაც მათთვის სახელმწიფო ახორციელებს.

ამის შესახებ პრემიერმა დღეს სოფლის მეურნეობის სფეროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

„ძალზე მნიშვნელოვანი და სისტემური მომენტი, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ანტიკრიზისულ გეგმასთან ერთად განგვეხილა, გახლავთ მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელსაც ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის ღონისძიება, რომლის წარმატებაშიც დარწმუნებული ვართ. გამოყოფილი გვაქვს უკვე დაფინანსება ამ ღონისძიებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში, სამი წლის განმავლობაში, სრულად იქნება აღრიცხული და რეგისტრირებული ნებისმიერი სახის მიწა, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, დაწესებული შეღავათები და დახმარებები იმ ფერმერებსაც შეეხება, რომელთაც რამე მიზეზით მიწა დარეგისტრირებული არ აქვთ და წლის ბოლომდე ამას მოახერხებენ.

„ყველა ის დახმარება ფერმერებისთვის, რომელსაც სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს, პირდაპირ არის დაკავშირებული დარეგისტრირებულ მიწასთან. იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ფერმერების განვითარებას, ყველა ის ადამიანი, ვისაც შესაძლოა რაიმე მიზეზით მიწა არ აქვს დარეგისტრირებული და წლის ბოლომდე მოახერხებს მიწის რეგისტრაციას, ამ შეღავათებითა და დახმარებებით ისარგებლებს. ეს ნიშნავს, რომ ამ პროგრამის გარკვეული ნაწილი მომავალი წლის რაღაც პერიოდსაც მოიცავს. ჩვენ ვეხმარებით ფერმერებს, სოფელს, ესაა ზრუნვა არა მხოლოდ სოფელში მცხოვრებ ადამიანებზე, არამედ ჩვენს თითოეულ მოქალაქესა და ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოებაზე.

გარდა ამისა, მინდა, თითოეულ ფერმერს მოვუწოდო – ყველა ის მიწა, რომელიც მათ აქვთ სარგებლობაში და შეუძლიათ იყოს რეგისტრირებული, რაც შეიძლება სწრაფად დაარეგისტრირონ, რათა გახდნენ ბენეფიციარები ყველა იმ პროგრამისა, რომელსაც დღეს სახელმწიფო მათ სასარგებლოდ ახორციელებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, გიორგი გახარიამ ფერმერების მხარდამჭერი გეგმისა და პროგრამების მომზადების საკითხში გაწეული მუშაობისთვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მინისტრ ლევან დავითაშვილს მადლობა გადაუხადა.