გიორგი გახარია - იმ მოქალაქეების დასახმარებლად, ვინც სამსახური დაკარგა, სპეციალური ღონისძიებები შემუშავდება
გიორგი გახარია - იმ მოქალაქეების დასახმარებლად, ვინც სამსახური დაკარგა, სპეციალური ღონისძიებები შემუშავდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მოქალაქეების იდენტიფიცირების შემდეგ, ვინც სამსახური დაკარგა, მთავრობას ექნება სპეციალური ღონისძიებები მათ დასახმარებლად.

როგორც გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ ახერხებს მთავრობა თითოეული მოქალაქის პირდაპირ დახმარებას დღევანდელ ეტაპზე.

ამ მიზნით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ მოქალაქეს, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში გადასახადები სრულად დაუფინანსდება.

„აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე წყლის გადასახადიც. ეს დახმარება, რომელზე გადაწყვეტილებაც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ, პირდაპირ არის მიმართული თითოეულ მოქალაქეზე. გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენს შემთხვევაში უკიდურესად მნიშვნელოვანია, რაციონალურად გამოვიყენოთ თითოეული ლარი, რომლის მობილიზებაც დღეის მდგომარეობით მოხერხდა ბიუჯეტში და ეს არის ორი მილიარდი ლარი ეკონომიკის, მოქალაქეების პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით, ხოლო 351 მლნ ლარი Covid 19-თან ჯანდაცვის თვალსაზრისით პირდაპირი ბრძოლის კონტექსტში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.