გიორგი გახარია - მნიშვნელოვანია, რომ ტრანსნაციონალური კორპორაციები საქართველოს ფინანსურ მდგომარეობას და მდგრადობის ხარისხს პოზიტიურად აფასებენ
გიორგი გახარია - მნიშვნელოვანია, რომ ტრანსნაციონალური კორპორაციები საქართველოს ფინანსურ მდგომარეობას და მდგრადობის ხარისხს პოზიტიურად აფასებენ

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტრანსნაციონალური ფინანსური კორპორაციები საქართველოს დღევანდელ ფინანსურ მდგომარეობას და ჩვენი ფინანსური მდგრადობის ხარისხს პოზიტიურად აფასებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, ვიზიტის ფარგლებში კონკრეტულად საუბარი შედგა იმ კომპანიებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოთი, ან რომელთა საქართველოში შემოსვლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

„შედგა შეხვედრა „კოკა-კოლას“ ვიცე-პრეზიდენტთან, რომელმაც კონკრეტულ საინვესტიციო გეგმებსა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. რა თქმა უნდა, ჩვენ სრული მხარდაჭერა აღვუთქვით ახალი პროექტების განხორციელებას, რადგან ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების თვალსაზრისით. ასევე, შეხვედრა გვქონდა „სითიგრუპის“ წარმომადგენლებთან, რომლებთან ერთადაც ვიმსჯელეთ საქართველოს ფინანსური სექტორის მდგრადობისა და შემდგომი განვითარების შესახებ, იმ რეფორმებზე, რომლებსაც ვატარებთ ფინანსურ სექტორში. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ აფასებენ ტრანსნაციონალური ფინანსური კორპორაციები საქართველოს დღევანდელ ფინანსურ მდგომარეობას და ჩვენი ფინანსური მდგრადობის ხარისხს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრემიერის თქმით, შეხვედრები გაიმართა ენერგეტიკის სექტორის მსხვილ კომპანიებთან.

„განახლებადი ენერგია დღეს ტრენდული მიმართულებაა მსოფლიოში. ბევრი წინადადება გვაქვს საერთო პროექტების თვალსაზრისით. საქართველო ატარებს ენერგეტიკის სფეროში ბაზრის ლიბერალიზაციის რეფორმას, რაც დიდ ინტერესს იწვევს კომპანიებში, რომლებსაც აქვთ დიდი გამოცდილებაც და ამავდროულად სურვილი, ახალი პროექტები განახორციელონ საქართველოში. შვეიცარული შოკოლადის მწარმოებელ „კამილ ბლოშს“ უკვე შერჩეული აქვს საქართველოში 650 ჰექტარი მიწა, რომელზეც თხილის პლანტაციების პროექტს განახორციელებს. იმედი მაქვს, ყველა შეხვედრას, რომელიც ვიზიტის ფარგლებში ჩავატარეთ, მოჰყვება შემდგომი გაგრძელება და დასრულდება კონკრეტული შედეგებით“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.