გიორგი გახარია - მხარდამჭერი აქტი ადასტურებს, რომ აშშ-სთან ჩვენი პარტნიორობა თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ფასეულობებს ეფუძნება
გიორგი გახარია - მხარდამჭერი აქტი ადასტურებს, რომ აშშ-სთან ჩვენი პარტნიორობა თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ფასეულობებს ეფუძნება

საქართველოს მხარდამჭერი აქტის გამოცემით, წარმომადგენელთა პალატამ ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოსადმი ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე წერს.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საკანონმდებლო აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო-აშშ-ის პარტნიორობა თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ფასეულობებს ეფუძნება.

„საქართველოს მხარდამჭერი აქტის გამოცემით, წარმომადგენელთა პალატამ ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოსადმი ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება თავისუფლებისა და დემოკრატიის ზიარ და საერთო ფასეულობებს“, – წერს გიორგი გახარია „ტვიტერში“.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი – ვირჯინიის შტატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი – ილინოისის შტატი) 2019 წლის 16 იანვარს წარადგინეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს. კანონპროექტით, კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად, მოლაპარაკებების მიმართულებით. საკანონმდებლო აქტით, კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას.