გიორგი გახარია - მითხრეს, დაღლილი გამოიყურებიო, დაღლილი კი არა, უინტერესოა ეს ყველაფერი
გიორგი გახარია - მითხრეს, დაღლილი გამოიყურებიო, დაღლილი კი არა, უინტერესოა ეს ყველაფერი

დაღლილი კი არა, ეს ყველაფერი უკიდურესად უინტერესოა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკა მელიას რეპლიკის შემდეგ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი პრობლემებით დაღლილი და არაქათგამოცლილია.

გახარიამ ოპოზიციონერ დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილსაც მიმართა და აღნიშნა, რომ როდესაც საუბარია საპარლამენტო ზედამხედველობაზე, გასათვალისწინებელია ხარისხის სტანდარტიც.

„მითხრეს, დაღლილი გამოიყურებიო. დაღლილი კი არა, უინტერესოა ეს ყველაფერი, უკიდურესად უინტერესო. ქალბატონო ხათუნა, თქვენ ხომ გამოცდილი პოლიტიკოსი ხართ, მომისმინეთ ცოტა ხანი. რეალურად, თქვენ ყველა, ჩვენთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, როდესაც საპარლამენტო ზედამხედველობაზე საუბრობთ, ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ, ხარისხის სტანდარტს მარტო ჩვენ კი არ ვადგენთ, თქვენც ადგენთ და თქვენი პასუხისმგებლობის დონეა ამ ნაწილში, რადგან აქ მაკონტროლებელი ორგანო და მომთხოვნი თქვენ ხართ“, – განაცხადა გახარიამ.

მინისტრის შეფასებით, ეს საპარლამენტო დემოკრატიისა და ზედამხედველობის დისკრედიტაცია.

„უკიდურესად გულგატეხილი ვარ იმით, რაც აქ დღეს მოვისმინე უკვე მეორედ. აბსოლუტურად უშინაარსო და რაც მთავარია, ეს არის უბრალოდ თვითონ არსის, საპარლამენტო დემოკრატიისა და ზედამხედველობის დისკრედიტაცია. სამწუხაროდ, ეს არის ჩემი შეფასება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგა.