გიორგი გახარია - მისი უწმინდესობის მწყემსობით ქვეყანა მოვიდა დღემდე გამარჯვებული
გიორგი გახარია - მისი უწმინდესობის მწყემსობით ქვეყანა მოვიდა დღემდე გამარჯვებული

შეუძლებელია, შევაფასოთ პატრიარქის ღვაწლი ქვეყანაში სიმშვიდისა და მშვიდობის შენარჩუნების საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 42 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო წირვა ჩატარდა.

„დღეს საქართველო და სრულიად მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს ჩვენი უწმინდესის, ჩვენი პატრიარქის აღსაყდრების 42 წელს. 42 წლის წინ აი ამ ტაძარში, სვეტიცხოველში, როდესაც მოხდა ინტრონიზაცია პატრიარქის, მას შემდეგ ყველა წელი იყო უმძიმესი და მისი უწმინდესობის მწყემსობით ქვეყანა მოვიდა დღემდე გამარჯვებული. ჩვენ შეუძლებელია, გადავაფასოთ პატრიარქის ღვაწლი ქვეყნის წინაშე, შეუძლებელია, შევაფასოთ მისი ღვაწლი ეკლესიების მშენებლობაში, შეუძლებელია, შევაფასოთ მისი ღვაწლი საგანმანათლებლო მიმართულებით და შეუძლებელია, შევაფასოთ მისი ღვაწლი ქვეყანაში სიმშვიდის და მშვიდობის, რაც მთავარია, შენარჩუნების საქმეში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან პატრიარქს დღევანდელი დღე მთავრობის სახელით მიულოცა.

„პატრიარქი არის ჩვენი მწყემსი და საქართველოს მთავრობის სახელით ვულოცავ მას ამ დიდ დღესასწაულს, ვულოცავ სრულიად საქართველოს, სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს, ვუსურვებ მას ჯანმრთელობას და ბევრი, ბევრი ხანი, ბევრი წლები მწყემსოს კიდევ ჩვენი საქართველო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი