გიორგი გახარია - მინდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს დავავალო მოქალაქეების პროაქტიური ინფორმირება თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, რათა არ დარჩეს არც ერთი სივრცე სპეკულირებისთვის
გიორგი გახარია - მინდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს დავავალო მოქალაქეების პროაქტიური ინფორმირება თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, რათა არ დარჩეს არც ერთი სივრცე სპეკულირებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შინაგან საქმეთა სამინისტროს 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით მოქალაქეების პროაქტიურ ინფორმირებას ავალებს.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მან ახალგაზრდის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ აუცილებელია, ყველა გაუფრთხილდეს ოჯახს და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს მსგავს ტრაგიკულ შემთხვევებს.

„აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო იმ ტრაგიკულ მოვლენას, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალება გაურკვეველ პირობებში არის უაღრესად მძიმე შემთხვევა. პირველ რიგში, მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახის წევრებს, თუმცა ეს ტრაგედია ცდება ოჯახს, ეს ხდება ქვეყნის ტრაგედია და შესაბამისად, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გავუფრთხილდეთ ოჯახს და მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მსგავს ტრაგიკულ შემთხვევებს.

რაც შეეხება საგამოძიებო მიმართულებას, აქ უაღრესად მნიშვნელოვანია და მინდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთხელ დავავალო, მოქალაქეების პროაქტიური ინფორმირება. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რათა არ დარჩეს არც ერთი სივრცე იმისთვის, რომ ზოგიერთმა გამოიყენოს ეს გარკვეული სპეკულირებისთვის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება, მაგრამ ამასთან ერთად, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება პროაქტიური ინფორმირებულობა, უპირველესად ოჯახის და შემდგომ საზოგადოების“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, მისი თქმით, ყველამ კარგად იცის ქვეყანაში გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები და ამიტომაც დაიწყო ამ მიმართულებით სისტემური რეფორმები.

„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ყველას კარგად გვესმის და სწორედ ამიტომ დაიწყო რეფორმები და სისტემური განახლება შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამ ნაბიჯებს აქვს უკიდურესად სერიოზული მნიშვნელობა, როგორც ქვეყნისთვის, ასევე რიგითი, კეთილსინდისიერი პოლიციელებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ეს უნდა გავითვალისწინოთ ყველამ და, პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ამ თემაზე საუბრის დასრულებისთვის, კიდევ ერთხელ მინდა, თითოეულ საგამოძიებო სტრუქტურას მოგიწოდოთ, იყოთ პროაქტიური ინფორმაციის გაზიარებაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის, რამეთუ არ დავტოვოთ მცირედი სივრცეც ინტერპრეტირებისთვის. დღეს ჩვენ ეს არ გვჭირდება, რადგან ძალზედ მნიშვნელოვანია სწრაფი, ეფექტიანი გამოძიება და მოქალაქეების ინფორმირებულობა“, – განაცხადა პრემიერმა.