გიორგი გახარია - მინდა, მხარდაჭერა გამოვუცხადო ექიმებს და გავამხნევო, წინ დიდი ბრძოლები გველოდება
გიორგი გახარია - მინდა, მხარდაჭერა გამოვუცხადო ექიმებს და გავამხნევო, წინ დიდი ბრძოლები გველოდება

მინდა, მხარდაჭერა გამოვუცხადო ექიმებს და გავამხნევო, წინ დიდი ბრძოლები გველოდება, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევის შესახებ საუბრისას.

მისი თქმით, ამ შემთხვევამ უნდა დაგვანახოს, რომ ამ ბრძოლაში კომპრომისი არ არსებობს და ნაბიჯების სიმკაცრე არ არის ვიღაცის სურვილი.

„დღეის მდგომარეობით ჩვენ გვყავს 157 ინფიცირებული, ცხრა ახალი ინფიცირებული, ერთი აჭარაში. გვყავს სამწუხაროდ ერთი გარდაცვლილი. ეს გახლავთ ბოლნისის კლასტერიდან მოხუცებული ქალბატონი, 79 წლის, თანმდევი ქრონიკული დაავადებებით, რომლის სიცოცხლის გადასარჩენადაც ჩვენმა ექიმებმა გააკეთეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არის ტრაგიკული შემთხვევა და სწორედ მსგავსი შემთხვევების მინიმიზაციისთვის ჩვენ ვდგამთ მკაცრ ნაბიჯებს.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევამ ჩვენ უნდა დაგვანახოს და დაგვარწმუნოს, რომ ამ ბრძოლაში კომპრომისი არ არსებობს და სიმკაცრე ნაბიჯების, ეს არ არის ვიღაცის სურვილი. ეს არის ის ტრაგიკული აუცილებლობა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ და ყველა უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, პირველ რიგში, პასუხისმგებლები ვართ ჩვენი მშობლების, მოხუცებულების წინაშე. ეს ფაქტი, რომელიც მოხდა, არის უკიდურესად საგანგაშო. ეს არის ის ზარი, რომელიც თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს და ყველას უნდა ესმოდეს, რომ არანაირი კომპრომისი ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით არ იქნება“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, შემდგომი ღონისძიებების გამკაცრდება.

გიორგი გახარიამ სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს: „მინდა, მწუხარება გამოვთქვა, მივუსამძიმრო პირველ რიგში ოჯახს და ახლობლებს, მინდა მივუსამძიმრო და მხარდაჭერა გამოვუცხადო ექიმებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ამ ქალბატონის გადასარჩენად. მინდა ისინი გავამხნევო, რადგან ჩვენ წინ კიდევ უახლოესი კვირების განმავლობაში დიდი ბრძოლები გველის და შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის, უნდა ვიყოთ მზად სახელმწიფო, მთავრობა, სამოქალაქო სექტორი, ჩვენი მოქალაქეები, საზოგადოება – ყველანი უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ გავუძლოთ მსგავს დარტყმებს.

და უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით კომპრომისი არ არსებობს და არ არსებობს არანაირი რაღაც კეთილი მიზნები ან რაღაც სხვა სახის გამოწვევები, რომლითაც შეიძლება ჩვენ გავამართლოთ კომპრომისები აქ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამასთან ერთად გვესმის, რომ ვიბრძვით ორ ფრონტზე, ეს არის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ეს არის ამავე დროს ჩვენი ეკონომიკის გადარჩენა და სწორედ მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ ამ ორ ფრონტზე გამარჯვებისთვის იპოვოს სწორი ბალანსი, რასაც ჩვენ თქვენთან ერთად, ყველასთან ერთად, ჩვენს მედიკოსებთან ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.