გიორგი გახარია - მეგობრებო, პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, მედიაში, საარჩევნო ურნასთან ან კანონის ფარგლებში გამოხატვის უფლების გათვალისწინებით
გიორგი გახარია - მეგობრებო, პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, მედიაში, საარჩევნო ურნასთან ან კანონის ფარგლებში გამოხატვის უფლების გათვალისწინებით

ცეცხლი და ბარიკადები თბილისის ქუჩებში არის აბსოლუტურად მიუღებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა შესაძლებელი გუშინ ბიუროს გასვლითი სხდომის ჩატარება.

პრემიერის თქმით, პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, მედიაში და საარჩევნო ყუთთან.

„გასვლითი სხდომის გარეშე ქუჩები, გარდა იმისა, რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს უქმნის სერიოზულ პრობლემას, ცეცხლი და ბარიკადები აღმართული თბილისის ქუჩებში, არის აბსოლუტურად მიუღებელი. მეგობრებო, პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, მედიაში, საარჩევნო ურნასთან ან უნდა მიმდინარეობდეს კანონის ფარგლებში გამოხატვის უფლების გათვალისწინებით. ეს არის და ეს. გამოხატვის უფლება ამ ქვეყანაში ყველასთვის არის თავისუფალი და არავინ არსად წავა, არანაირი სხდომის მოსაწყობად მაშინ, როდესაც არსებობს პარლამენტი“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტის ბლოკირების შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კანონის ფარგლებში არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ როდესაც ხდება ბარიკადების აღმართვა და სახელმწიფო ინსტიტუტის ბლოკირება, პოლიცია იმოქმედებს“, – აღნიშნა პრემიერმა, გიორგი გახარიამ.