გიორგი გახარია - მარიხუანას მოხმარებაში 21-წლამდე ახალგაზრდის ჩართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება
გიორგი გახარია - მარიხუანას მოხმარებაში 21-წლამდე ახალგაზრდის ჩართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება

მარიხუანას მოხმარებაში 21-წლამდე ახალგაზრდის ჩართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის სხდომაზე დღეს მარიხუანას მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებით კანონპროექტი განიხილეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა.

გიორგი გახარიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ნარკოპოლიტიკის კონტექსტში, მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით აუცილებელი გახდა შინაარსობრივი და ეფექტიანი რეგულირება.

„მთავრობის დავალებით, ამ ნაწილში გავატარეთ გარკვეული სამუშაოები და მივაღწიეთ კანონის ისეთ ხარისხს, რომელიც გვაძლევს ეფექტიანი რეგულაციის საშუალებას, რაც გულისხმობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არეალი მაქსიმალურად შემცირდეს“, – განაცხადა შს მინისტრმა.

გიორგი გახარიას განმარტებით, დასჯადი არ იქნება მარიხუანას მოხმარება მხოლოდ პირად სივრცეში.

„საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილში ყველა სახის მარიხუანას მოხმარება იქნება დასჯადი, 21-წლამდე ახალგაზრდების მიერ მარიხუანას მოხმარება ყველა სახის სივრცეში ასევე დასჯადი იქნება. მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალებების მართვა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასჯადი ხდება. ასევე, 21-წლამდე ახალგაზრდის ჩართვა მარიხუანის მოხმარებაში სისხლის სამართლის წესით დაისჯება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, მისი თქმით, ადმინისტრაციული დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულია მთელი რიგი სამოქალაქო უფლების შეზღუდვა.

„სისხლის სამართლის წესის დარღვევის შემთხვევაში კი, ეს იქნება მოსამართლის დისკრეცია. დღეის მდგომარეობით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, გვიჭირდა, როგორც სამართალდამცავ სტრუქტურას, მოგვეხდინა ეფექტიანი კონტროლი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა მარიხუანას კონტექსტში დარეგულირებულია.