მარიხუანას მოყვანის ლიცენზირების მიზნით, სპეციალიზირებული სააგენტოს შექმნა იგეგმება
მარიხუანას მოყვანის ლიცენზირების მიზნით, სპეციალიზირებული სააგენტოს შექმნა იგეგმება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან მარიხუანას რეგულაციების გამკაცრებაზე ისაუბრა, რომელსაც ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს.

გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა, რომელიც ეხებოდა კანაფის მოყვანა-წარმოებისთვის საჭირო ლიცენზიებს.

„მოდით, ასე ვთქვათ, ეკონომიკურ ნაწილზე ისაუბრებენ ჩემი ეკონომისტი კოლეგები, რეგულაციის ნაწილზე შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი რეგულაციებისთვის აუცილებლად უნდა შეიქმნას სპეციალიზებული სააგენტო, რეგულატორი, რომლის ფარგლებში მოხდება, როგორც სალიცენზიო პირების დადგენა, კონკრეტულ შემთხვევებსა და კონკრეტულ პირობებში, ასევე, სხვადასხვა საქმიანობაზე იქნება სხვადასხვა ლიცენზია. ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ წარმოება, შეიძლება იყოს მოყვანა, წარმოება, გადამუშავება და ასე შემდეგ. ეს უნდა იყოს მკაცრად რეგულირებადი საქმიანობა, რომელსაც ეყოლება თავისი რეგულატორი, სადაც უმკაცრესი და რაც მთავარია, ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები იქნება აბსოლუტურად ღია, ტრანსპარენტული და ყველასთვის გასაგები. ამისთვის იქმნება სააგენტო, რომელმაც უნდა განსაზღვროს ტარიფები, ლიცენზიის საფასური, იმ კონკურსის სახეობები, რომლითაც ეს ლიცენზიები უნდა გაიცეს და ასე შემდეგ“, – აღნიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა.