გიორგი გახარია - კრიმინალთან ბრძოლაში ჩვენს წარმატებებს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, თუ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არ შევინარჩუნეთ და არ ავამაღლეთ
გიორგი გახარია - კრიმინალთან ბრძოლაში ჩვენს წარმატებებს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, თუ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არ შევინარჩუნეთ და არ ავამაღლეთ

კრიმინალთან ბრძოლაში ჩვენს წარმატებებს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, თუ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არ შევინარჩუნეთ და არ ავამაღლეთ. სწორედ ამიტომ შევქმენით ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„დეპარტამენტის ძირითადი ფუნქცია არის ქალთა მიმართ ძალადობის, არასრულწლოვნების მიმართ და არასრულწლოვნების მიერ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციით ან სიძულვილის გრძნობით ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ხარისხზე ზედამხედველობა, სტანდარტების დანერგვა. ამასთან, იმ მაღალი ნორმების შემოტანა ჩვენს სისტემაში, რომელიც აუცილებელია სამოქალაქო სექტორის საზოგადოების განვითარებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხრა თვის განმავლობაში უდიდესი სამუშაო გასწიეს.

„დეპარტამენტის თანამშრომლებს მართლაც კარგი შედეგები აქვთ. ამას ყველაფერს ნახავთ და ეს აისახება იმ სტატისტიკურ მონაცემებში, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაქვეყნებთ. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო, ასევე მადლობა გადავუხადო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებთანაც ამ თემებზე ხშირად გვაქვს მწვავე დისკუსია, მაგრამ გარკვეული პროგრესიც. დღეს იყო კონფერენცია, სადაც შევაჯამეთ ის, რაც ჩვენ უკვე გავაკეთეთ, დავსახეთ ის გეგმები, რომლებზეც 2019 წელს გვინდა ვიმუშაოთ. მაგალითად, თუ წლევანდელი წელი ჩვენ მივუძღვენით ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიმართულებას, მომავალი წელი იქნება არასრულწლოვნების მიერ და არასრულწლოვანთა მიმართ დანაშაულზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის მუშაობის ცხრა თვის ანგარიში წარუდგინა.