გიორგი გახარია - კორონავირუსის ეფექტურად მართვას გავაგრძელებთ, მაგრამ მხოლოდ მთავრობის ძალისხმევა საკმარისი არ არის, აქ აუცილებელია მთავრობის და მოქალაქის ერთობლივი ქმედებები
გიორგი გახარია - კორონავირუსის ეფექტურად მართვას გავაგრძელებთ, მაგრამ მხოლოდ მთავრობის ძალისხმევა საკმარისი არ არის, აქ აუცილებელია მთავრობის და მოქალაქის ერთობლივი ქმედებები

კორონავირუსის ეფექტურად მართვას გავაგრძელებთ, მაგრამ მხოლოდ მთავრობის ძალისხმევა საკმარისი არ არის, აქ აუცილებელია მთავრობისა და მოქალაქეების ერთობლივი ქმედებები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.

მისი თქმით, მთავრობისა და მოსახლეობის კოორდინირებული ქმედებები უნდა გაგრძელდეს, ვიდრე ვირუსი გლობალურად არ დამარცხდება.

„ვირუსი არსად გაქრება და, როგორც ჩანს, მსოფლიო უნდა მიეჩვიოს ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრება უნდა გაჩერდეს. უნდა ვისწავლოთ ვირუსის გავრცელების გეოგრაფიისა და სისწრაფის მართვა, რასაც ჩვენ ეფექტურად ვაკეთებთ, მიუხედავად ცალკეული შემთხვევებისა. ჩვენ ამის ეფექტურად კეთებას გავაგრძელებთ, მაგრამ მხოლოდ მთავრობის ძალისხმევა საკმარისი არ არის, აქ აუცილებელია მთავრობისა და მოქალაქის ერთობლივი ქმედებები და ის ნდობა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ჩამოვაყალიბეთ. ერთად მივაღწიეთ იმ შედეგს, რომ დღეს საქართველო ვირუსის მართვის წარმატებული ისტორიაა. ეს უნდა გავაგრძელოთ, იმის მიუხედავად, რომ ასეთი პატარ-პატარა აფეთქებები დიდხანს იქნება, სანამ ვირუსი გლობალურად არ დამარცხდება. შეუძლებელია, ცალკე აღებულ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ვირუსი დაამარცხო. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ უაღრესად ფრთხილები და ყურადღებიანები, რათა ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი თანამოქალაქეების, ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ“, –  განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, მოსახლეობა შემზღუდავ ღონისძიებებს გაგებით უნდა შეხვდეს, რადგან ეს განპირობებულია ადამიანის ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკაზე ზრუნვით.

„როდესაც შემზღუდავ ნაბიჯებს ვდგამთ და იძულებული ვართ, ისეთი შეზღუდვები დავაწესოთ, როგორიც, მაგალითად, ახლა მესტიაში მოგვიწია, ეს განპირობებულია, პირველ რიგში, ჯანმრთელობაზე ზრუნვით, მაგრამ ასევე ეკონომიკაზე ზრუნვითაც. ამიტომ ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ეს ორი რამ ერთმანეთთან დაკავშირებულია“, – აღნიშნა მან.