გიორგი გახარია - ხაშურის შემოვლითი გზის გახსნა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, უსაფრთხოებისა და ეკოლოგიის თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია
გიორგი გახარია - ხაშურის შემოვლითი გზის გახსნა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, უსაფრთხოებისა და ეკოლოგიის თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია

ხაშურის შემოვლითი გზის გახსნა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, უსაფრთხოებისა და ეკოლოგიის თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხაშურის შემოვლითი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ გზის 11 კილომეტრი ოთხზოლიანია, ხოლო ორი კილომეტრი დროებით ორზოლიანი იქნება.

„ხაშურის შემოვლითი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის 11 კილომეტრი არის სრულად ოთხზოლიანი, ორი კილომეტრი კი დროებით, ოქტომბრამდე არის ორზოლიანი. მოგეხსენებათ, რა ხდებოდა ხაშურში. ეკოლოგიურად, ტრაფიკის თვალსაზრისით ხაშური იყო ჩვეულებრივი სატრანზიტო ქალაქი. სწორედ ამიტომ არის ეს უმნიშვნელოვანესი და ამიტომ ვჩქარობდით ამ წვიმაში მის გახსნას. დღეს გზა უკვე გახსნილია და დასავლეთ-აღმოსავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ადამიანებს აღარ მოუწევთ ხაშურის გავლა. ხაშურის მცხოვრებლებისთვს პირველ რიგში, ეს არის უსაფრთხოება. საცობებს რომ თავი დავანებოთ, უმნიშვნელოვანესია ეკოლოგიაც. მოკლედ, აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის 13 კილომეტრიანი მონაკვეთი დღეს გაიხსნა, რომელიც პირველ რიგში, ხაშურელებისთვის არის და რა თქმა უნდა, მთელი საქართველოსთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. მისივე თქმით, მიმდინარეობს ბათუმის შემოვლით გზაზე მუშაობაც.

„ხედავთ, რამდენად მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე. წელს უკვე გავხსენით ქუთაისის შემოვლითი გზის 19 – კილომეტრიანი მონაკვეთი, ასევე ჯაპანა-ლანჩხუთის 12 – კილომეტრიანი მონაკვეთი. მიმდინარეობს ასევე, ბათუმის შემოვლით გზაზე მუშაობა და 2022 წლისთვის ჩვენ სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებთ. წელს ყველაზე მასშტაბური გახსნებია, საერთო ჯამში 70 კილომეტრი გაიხსნება და შესრულდება ყველაზე მასშტაბური სამუშაოები, რაც აქამდე ყოფილა აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალზე. როგორც კი რიკოთი დასრულდება, ხარისხობრივად ახალ ქვეყანას მივიღებთ. ეს იქნება სულ სხვა მობილობა, ხარისხობრივად სულ სხვა ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყანა. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა გახარიამ.