გიორგი გახარია - მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკავშირის ელჩს იმ წვლილისთვის, რომელიც ევროკავშირმა შეიტანა „მზიურის“ რეაბილიტაციაში და დედაქალაქის მერს, რომელმაც ეს ყველაფერი, როგორც ჩვევია, გემოვნებით დაასრულა
გიორგი გახარია - მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკავშირის ელჩს იმ წვლილისთვის, რომელიც ევროკავშირმა შეიტანა „მზიურის“ რეაბილიტაციაში და დედაქალაქის მერს, რომელმაც ეს ყველაფერი, როგორც ჩვევია, გემოვნებით დაასრულა

13 ივნისი დიდი ტკივილის დღეა, მაგრამ დიდი იმედის დღეც არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განახლებული „მზიურის“ პარკის გახსნისას განაცხადა.

მან გამოყო თაობა, რომელიც ხუთი წლის წინ დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ „მზიურში“ გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობდა.

„ეს ის ადამიანები არიან, ეს ის თაობა იყო, რომელმაც აჩვენა სასწაული ორგანიზებულობა, აჩვენა ისეთი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომელსაც არავინ არ ელოდებოდა. ეს ახალგაზრდები უბრალოდ დაორგანიზდნენ და გააკეთეს საქმე. ის საქმე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა გაეკეთებინა, ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და ამ ქალაქის თითოეულ მცხოვრებს. ამიტომ, მე მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. დღეს ერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ის ხალხია და ეს ის თაობაა, რომელმაც სულ ახლო მომავალში ამ ქვეყნის განვითარებაში თავისი სიტყვა უნდა თქვას და ჩვენ მათი იმედი უნდა გვქონდეს.

რეალურად, ისეთი გამოწვევების, ისეთი პრობლემების, ისეთი ბრძოლების, როგორიც იყო 13 ივნისი და როგორც ვიბრძვით ჩვენ დღეს, წარმატებით დასრულების შედეგად იქმნება წარმატებული სახელმწიფოები“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, ასეთი ბრძოლების წარმატებით დასრულების შედეგად იქმნება წარმატებული თაობები.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ის თაობა იქნება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში თავის სიტყვას იტყვის. მე მინდა, კიდევ ერთხელ მათ მადლობა გადავუხადო.

მინდა, მწუხარება გამოვთქვა იმ ადამიანების, მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ჩვენ დავკარგეთ და იმედი გამოვთქვა, რომ ის ყველაფერი, რაც ამ ბოლო წლების, ხუთი წლის განმავლობაში გაკეთდა, ასეთ დიდ რისკს ამ ქალაქს აარიდებს“, – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებმაც „მზიურის“ პარკის აღდგენისთვის სამუშაო გაწიეს.

„მოგეხსენებათ, რომ „მზიურის“ პარკის რეაბილიტაციის დასრულებით დასრულდა დიდი სამუშაო. ამ გაწეული სამუშაოსთვის მე პირველ რიგში მინდა, მადლობა გადავუხადო ინფრასტრუქტურის მინისტრს, ქალბატონ მაია ცქიტიშვილს, უდიდესი სამუშაოა ჩატარებული. „მზიური“ არის საბოლოო ნაბიჯი, საბოლოო შედეგი, ამას მოჰყვა ხეობის გაწმენდა, სრულად არის დაზღვეული შემდგომ ასეთი სტიქიის განმეორების შესაძლებლობა, აღდგა ბევრი გზა და კიდევ ბევრი სამუშაო იყო ჩატარებული.

ამასთან ერთად, მინდა, ევროკავშირის ელჩს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა იმ წვლილისთვის, რომელიც ევროკავშირმა შეიტანა ამ სარეაბილიტაციო საქმეებში და რა თქმა უნდა, დედაქალაქის მერს, რომელმაც ეს ყველაფერი, როგორც მას ჩვევია, ასე გემოვნებით და რაც მთავარია, ყველასთვის, თბილისელებისთვის, მათზე ზრუნვის უდიდესი გამოვლინებით დაასრულა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.