გიორგი გახარია - ისე ვითარდება სიტუაცია, რომ იქნება სოციალური დახმარების მეოთხე და შესაძლებელია მეხუთე ეტაპიც
გიორგი გახარია - ისე ვითარდება სიტუაცია, რომ იქნება სოციალური დახმარების მეოთხე და შესაძლებელია მეხუთე ეტაპიც

ერთხელ მახსოვს პარლამენტში დებატებისას ოპოზიციის წარმომადგენელმა მითხრა ეს ძალიან ცოტააო და თქვენ ეს უნდა გააგრძელოთო, დაეხმაროთო. ვუთხარი, ზუსტად თქვენს რჩევას გამოვიყენებ-მეთქი და ამ დახმარებას რომ გამოვაცხადებ გავიხსენებმეთქი და ვიხსენებ ახლა ამ მომენტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, თავდაპირველად ითქვა, რომ საქართველოს მთავრობის დახმარება იქნება ეტაპობრივი და სამართლიანი.

„ეს არის მე-3 ეტაპი. მერწმუნეთ, სამწუხაროდ, ისე ვითარდება სიტუაცია, რომ იქნება მე-4 ეტაპიც და შესაძლებელია, იყოს მე-5-ც და რა ვქნათ, ვიღაცის კრიტიკის გამო ჩვენი მოქალაქეები მივატოვოთ ეკონომიკურ კრიზისში, თავიანთი პრობლემების წინაშე მარტო? – არა, რა თქმა უნდა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თვითდასაქმებულები, რომლებმაც დოკუმენტაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს, 300-ლარიან დახმარებას მაინც მიიღებენ.

„კომუნალური დახმარების ნაწილში ეს არის დაახლოებით 200 მლნ ლარი, ბავშვების დახმარების ნაწილში, დაახლოებით 170 მლნ ლარი. სიმართლეს ხომ აქვს რაღაც ფასი. ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ძირითადი დარტყმები, კრიტიკა მოდიოდა თუ თვითდასაქმებული ადამიანები როგორ დაადასტურებდნენ თავიანთ საქმიანობას. თქვენ ისეთი მკაცრი წესები დააწესეთ, რომ დიდი რაოდენობის ადამიანები განაცხადს აკეთებენ და დახმარებას ვერ იღებენო. სინამდვილეში, მართლაც 250 000 განაცხადია გაკეთებული ერთჯერად დახმარებაზე 300-ლარიანზე, რომელიც ეკუთვნით თვითდასაქმებულებს. აქედან ნორმალური დასაბუთება დოკუმენტაციის თვალსაზრისით ჰქონდა 170 000 ადამიანს და, რა თქმა უნდა, მათ ეს დახმარება მიიღეს. ეს 80 000 ადამიანი, რომლებმაც ნაწილობრივ დაასაბუთეს, მაგრამ იდეალური არ იყო ეს დოკუმენტაცია, სწორედ ის ხალხია, რომელთაც ეს დასაბუთება უჭირდათ. დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ ვხურავთ ამ პროგრამას და იმის გამო, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი გრძელდება ამ 80 000 მოქალაქესაც ვუნაზღაურებთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარებების გაცემის კიდევ ერთი ეტაპი განხორციელდება, რომლის საერთო ბიუჯეტი 480 მლნ ლარია.

17 წლის ჩათვლით საქართველოს ყველა მოქალაქე ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებს და პროგრამის ბიუჯეტი 170 მლნ ლარია.

ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მთავრობას მიმართა, თუმცა დოკუმენტაცია არ ჰქონდა გამართული, ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარი დაერიცხება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებისთვის კომუნალური მხარდაჭერის პროგრამა ზამთრის თვეებშიც გაგრძელდება, რისთვისაც 280 მლნ ლარი გამოიყო.

150 ათასამდე სოციალური ქულის მქონე და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სახელმწიფო გარკვეული პერიოდის განმავლობაში სწავლის საფასურს დაუფინანსებს და ამაში 35 მლნ ლარი დაიხარჯება.