გიორგი გახარია - ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა, რომლის წყაროც დაუდგენელია, დიდი რისკის შემცველია, ეს ფაქტობრივად არის ოთხი ახალი კლასტერი
გიორგი გახარია - ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა, რომლის წყაროც დაუდგენელია, დიდი რისკის შემცველია, ეს ფაქტობრივად არის ოთხი ახალი კლასტერი

უკიდურესად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ კორონავირუსით ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევიდან, ოთხის წარმომავლობა დღეის მდგომარეობით არ არის ცნობილი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ოთხი შემთხვევიდან სამი თბილისშია.

„დღეს, 11ივნისის მდგომარეობით, ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევა გვაქვს. ეს ერთი შეხედვით არ არის ბევრი, თუმცა უკიდურესად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ამ ექვსი ახალი შემთხვევიდან, ოთხის წარმომავლობა დღეის მდგომარეობით, არ არის ცნობილი და ამ ოთხი ინფიცირების შემთხვევიდან, რომლის წყაროსაც დღეს ჩვენ ვერ ვადგენთ, სამი გახლავთ თბილისში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავხსენით ეკონომიკა, მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რომელიც აძლევს ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობას, ნაკლები შეზღუდვებით ვიცხოვროთ ყოველდღიურად, გავაგრძელოთ ჩვენი ეკონომიკური, ჩვეული საქმიანობა, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს და არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ვირუსი დამარცხებულია და ეს ძალიან კარგი მაგალითია იმის, რაც შეიძლება, მოხდეს“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც მან აღნიშნა, ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ არის ოთხი ახალი კლასტერი.

„ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ოთხი ახალი შემთხვევა ინფიცირების, რომლის წყაროც დღეის მდგომარეობით დაუდგენელია, არის დიდი რისკის შემცველი, ეს ფაქტობრივად არის ოთხი ახალი კლასტერი, რომელზეც არანაირი წარმოდგენა არ გვაქვს საიდან, როდის ან სად მოხდა ინფიცირება, რაც, რა თქმა უნდა, არის საგანგაშო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.