გიორგი გახარია ჰააგაში ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა​
გიორგი გახარია ჰააგაში ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა​

ევროპოლში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცერი იმუშავებს. საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, სამინისტროს მაღალი რანგის დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ჰააგაში იმყოფება, სადაც ევროპოლის შტაბ-ბინა მდებარეობს.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს, რობ უეინრაითს შეხვდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და ევროპოლის აღმასრულებელმა დირექტორმა „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის არხის თაობაზე“ ურთიერთგაგების მემორანდუმს და „საქართველოსა  და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის მეკავშირეობის შესახებ“ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტები მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროპოლს შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის. მათი მეშვეობით, საქართველოსა და ევროპოლს შორის 2017 წლის 4 აპრილს ხელმოწერილი ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია ხორციელდება. კერძოდ, უსაფრთხო კომუნიკაციის არხის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირების შემდეგ შევა ძალაში, საქართველოსა და ევროპოლს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის არხი შეიქმნება. აღნიშნული არხის საშუალებით მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაცვალონ ინფორმაცია და მონაცემები, მათ შორის, ოპერატიული სახის ინფორმაცია. ​მეკავშირეობის შესახებ შეთანხმება კი, ძალაშია ხელმოწერისთანავე. მის საფუძველზე, საქართველოს უკვე აქვს შესაძლებლობა, ევროპოლის შტაბ-ბინაში მეკავშირე ოფიცერი გაგზავნოს.

გიორგი გახარიამ ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე მხარეებმა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის სფეროში თანამშრომლობის განვითარებასა და ორგანიზებული დანაშაულისა და კომპიუტერული დანაშაულის საფრთხეების შეფასებისთვის აუცილებელი მონაცემების შეგროვების მეთოდოლოგიის ქართული მხარისთვის გაზიარების შესაძლებლობებზეც ისაუბრეს.  საქართველოს შინაგანა საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ სფეროებში ევროპოლს დიდი გამოცდილება აქვს და აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობებს, დანაშაულის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კუთხით. გარდა ამისა, ქართულმა მხარემ  ევროპის კიბერდანაშაულის ცენტრთან თანამშრომლობაზე მზადყოფნა დააფიქსირა, რომელიც ევროპოლის სისტემაში 2013 წელს შეიქმნა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპოლთან და ევროპოლის მეშვეობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან როგორც ოპერატიული, ასევე, არაოპერატიული მიმართულებით თანამშრომლობაზე ქართული მხარის სრული მხარდაჭერა დაადასტურა.