გიორგი გახარია - გვჯერა, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ დაგვეხმარება, ეფექტიანად შევასრულოთ ჩვენი მისია, ვიყოთ ევროპასა და აზიას შორის ხიდი
გიორგი გახარია - გვჯერა, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ დაგვეხმარება, ეფექტიანად შევასრულოთ ჩვენი მისია, ვიყოთ ევროპასა და აზიას შორის ხიდი

საქართველო ცდილობს, თავისი გეოგრაფიული მდებარეობა კონკრეტულ პროექტებში გადათარგმნოს და შესაბამისად, ენერგეტიკული დერეფნის როლი შეასრულოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ენერგეტიკული დერეფნების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველო მიესალმება და მხარდაჭერას უცხადებს „სამხრეთ გაზის დერეფნის” განვითარებას, სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოებას, ასევე ტრანს-ადრიატიკული მილსადენისა (TAP) და ტრანს-ანატოლიური მილსადენის (TANAP) განვითარებას, რომელსაც „ენერგიის აბრეშუმის გზადაც“ მოიხსენიებენ“, – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თანამედროვე ტექნოლოგიებზე და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

„21-ე საუკუნე აღიარებულია, როგორც ციფრული ერა და შესაბამისად, თანამედროვე ტექნოლოგიები სწრაფი ტემპებით განვითარება უკვე მნიშვნელოვნად ახდენს მსოფლიოს ტრანსფორმაციას სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით. თუმცა, ამ მხრივ არსებობს სერიოზული გამოწვევებიც და რისკები, თუნდაც კიბერუსაფრთხოება, ადამიანის უფლებების, კონფიდენციალურობის და თუნდაც სამუშაო ადგილების რაოდენობაზე ზემოქმედების თვალსაზრისით. დღევანდელი ფორუმი სწორედ ის პლატფორმაა, სადაც ჩვენ შეგვიძლია, აღნიშნულ საკითხებზე ვიმსჯელოთ და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, გახარიას  თქმით, „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს „ახალი აბრეშუმის გზის“ პერსპექტივის განხორციელებაში.

„დარწმუნებული ვარ, ეს ორდღიანი ფორუმი იქნება ეფექტიანი განხილვების ძირითადი პლატფორმა ჩვენი სტუმრებისთვის. დარწმუნებული ვარ ასევე, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ თავის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს „ახალი აბრეშუმის გზის“ პერსპექტივის განხორციელებაში და ჩვენს ქვეყანას და ჩვენს რეგიონს თქვენს თვალში წარმოაჩენს ახალი შესაძლებლობებისა და ახალი მიღწევების თვალსაზრისით.

გვჯერა, რომ ჩვენ ქართველებს ეს ფორუმი დაგვეხმარება, უფრო კარგად და ეფექტიანად შევასრულოთ ჩვენი მისია – ვიყოთ ევროპასა და აზიას შორის ხიდი და ვიყოთ ის ადგილი, სადაც ეს ორი ცივილიზაცია ერთმანეთს ხვდება. ჩვენ ხომ საქართველოში ვართ, ქვეყანაში, სადაც წარსული და ტრადიციები არის ის ფუნდამენტი, რომელზეც იქმნება ჩვენი ყველას მომავალი, მომავალი რეგიონის და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნებისა და მოქალაქეების კეთილდღეობის მიზნით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პატრონაჟით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ მიმდინარეობს. ღონისძიება დღეს გაიხსნა და ხვალ დასრულდება. ფორუმს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი ესწრება, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი.

დატოვე კომენტარი