გიორგი გახარია - გვერდით უნდა დავუდგეთ ხალხს, რომელიც დღეს იბრძვის, გადავდგათ ეფექტური ნაბიჯები და არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვათ ის, რაც მოახდენს ჩვენი ქვეყნის რეალურ ომში ჩათრევას
გიორგი გახარია - გვერდით უნდა დავუდგეთ ხალხს, რომელიც დღეს იბრძვის, გადავდგათ ეფექტური ნაბიჯები და არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვათ ის, რაც მოახდენს ჩვენი ქვეყნის რეალურ ომში ჩათრევას

გვერდით უნდა დავუდგეთ ხალხს, რომელიც დღეს იბრძვის, მაგრამ ჩვენი გონიერება უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც იქნება ეფექტური და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ის, რაც მოახდენს ჩვენი ქვეყნის რეალურ ომში ჩათრევას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

ჟურნალისტებმა გიორგი გახარიას კითხვა დაუსვეს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მიერ ბუჩაში მიწვევაზე შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.

„ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება, განსაკუთრებით, საქართველოს მოქალაქისთვის უაღრესად მტკივნეულია. ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, ეს არ არის პრაგმატიზმი, ეს არის საქციელი, რომელსაც არანაირი გამართლება არც დღეს და არც მომავალში არ ექნება. მინდა, ყველა ჩვენგანს ვუთხრა, დღეს უნდა ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ ისე, რომ ყოველთვის გვახსოვდეს იმ ადამიანების ხსოვნა, ვინც თავი გაწირეს თავისუფლებისთვის და ღირსებისთვის, მარტო პრაგმატიზმი არსად არ მიგვიყვანს.

საქართველოს მთავრობა, თითოეული მოქალაქე მორალურად ყოველთვის უნდა იყოს იქ, სადაც შეგვიძლია, გვერდით უნდა დავუდგეთ იმ ხალხს, რომელიც იბრძვის დღეს, ჩვენი თავისუფლებისთვის და მომავლისთვისაც. ყველანაირად. რითიც შეგვიძლია, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ჩვენი გონიერება მდგომარეობს და უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ ჩვენ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც იქნება ეფექტური და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ის, რაც მოახდენს ჩვენი ქვეყნის რეალურ ომში ჩათრევას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.