გიორგი გახარია - ღიმილისმომგვრელია, როდესაც ინტელექტუალურ ოპოზიციას კრიმინალების დახმარების ისტორიების გარდა სხვა არგუმენტი არ აქვს
გიორგი გახარია - ღიმილისმომგვრელია, როდესაც ინტელექტუალურ ოპოზიციას კრიმინალების დახმარების ისტორიების გარდა სხვა არგუმენტი არ აქვს

ღიმილისმომგვრელია, როდესაც ინტელექტუალურ ოპოზიციას კრიმინალების დახმარების ასეთი ისტორიების გარდა სხვა არგუმენტი არ გააჩნია იმისთვის, რომ არჩევნებში ღირსეულად გაიმარჯვოს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. ამ განცხადებით გიორგი გახარია ოქროყანაში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

როგორც მინისტრი ამბობს, დღის განმავლობაში იყო რამდენიმე შემთხვევა, რაზეც პოლიციამ რეაგირება მოახდინა.

„როგორც მაქვს ინფორმაცია, იყო რამდენიმე წვრილმანი შემთხვევა, სადაც პოლიციამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა. დღის ბოლოსთვის გვექნება სრული ინფორმაცია, არის თუ არა ისეთი დანაშაულები, რომლებზეც ძიება დაიწყება. იქ, სადაც მოხდება კანონის დარღვევა, პოლიცია მოქმედებს მყისიერად, წერტილი. გამოხატვის თავისუფლებას არავის არ ვუზღუდავთ. შესაბამისად, იქ სადაც იქნება კანონის დარღვევა ან მცირეოდენი გადაცდომა, რა თქმა უნდა, რეაგირება იქნება მყისიერი, ისევე როგორც ეს დღეს, რამდენიმე უბანზე მოხდა. იყო ერთი შემთხვევა, სადაც მუქარის მცდელობა იყო. იქ ადამიანები იკითხებიან და მოკვლევა მიმდინარეობს“,- განაცხადა გახარიამ.

„ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს ვიდეოკადრებს, სადაც მათივე ინფორმაციით, ოქროყანის საარჩევნო უბანზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიასა და ლევან თოფურიძის, მეტსახელად „კალაბოკას“ დაპირისპირებაა ასახული. ოპოზიცია ლევან თოფურიძეს კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირსა და ამომრჩეველზე ზეწოლაში ადანაშაულებს.