გიორგი გახარია - გარწმუნებთ, მწვავე კითხვებისა და პასუხების არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ არასოდეს შეგვშინებია
გიორგი გახარია - გარწმუნებთ, მწვავე კითხვებისა და პასუხების არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ არასოდეს შეგვშინებია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ რა სახის კითხვებიც უნდა დაისვას სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, ყოველთვის მზად არიან, მათ დიალოგის რეჟიმში უპასუხონ.

„წერილი მინდა, თუ სიხარული, რა თქმა უნდა, თქვენგან მნებავს სიხარული. ისე რომ იცოდეთ, ამ კითხვაზე საავტორო უფლებები ჩემია, ისევე, როგორც თვალის ჩაკვრაზე. თუ სერიოზულად გაინტერესებთ, რაც შეეხება კონგრესმენებს, ერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სტრატეგიულ პარტნიორებს შორის რა სახის კითხვებიც არ უნდა დაისვას, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ამ კითხვებზე დავსხდეთ და ვისაუბროთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, სადაც  არ უნდა დაისვას მწვავე კითხვები, რომელიც ეხება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ორიენტაციას, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობას“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და განვითარება  შეუქცევადია. გახარია ამბობს, რომ ყველა მწვავე კითხვას, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, პასუხი გაეცემა.

„ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და განვითარება არის შეუქცევადი. შეიძლება ჩვენს კოლეგებს აქვთ კითხვის ნიშნები, მაგრამ გარწმუნებთ, რომ არასოდეს შეგვშინებია მწვავე შეკითხვების, არც მწვავე პასუხების გაცემის შეგვშინებია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ასე რომ, წყნარად, მშვიდად, ყველანაირ კითხვაზე იქნება გაცემული პასუხი“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველოს რეგიონში ყველაზე მზარდი ეკონომიკა, ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა აქვს.

„რაც შეეხება გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ყველაფერი არის შედარებითი, საქართველოს აქვს რეგიონში ყველაზე მზარდი ეკონომიკა, ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება, საქართველოს ინფრასტრუქურაში ინვესტიციები იზრდება. ქვეყანას აქვს მთელი რიგი გეგმა სტრუქტურული რეფორმებისა, რომელთა შესახებაც ჩვენ დონორებთან ვისაუბრეთ და დონორებთან რომ ვსაუბრობთ, რას ნიშნავს, ის სტრუქტურული რეფორმები, რაც ტარდება, მათი მხარდაჭერით უნდა ჩატარდეს, როგორც ფინანსური, ასევე ყველა სახის“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება მთავრობის მეთაურის სახელზე გაგზავნილ კონგრესმენების წერილებთან დაკავშირებით ოპოზიციურ სპექტრში განცხადებებს, გახარია ამბობს, რომ მათი „ჟრიამული პოლიტიკური კონტექსტიდან მომდინარეობს“.

„ჩვენ გვესმის ეს ყველაფერი, ჟრიამული, რაც მოეწყო ამ წერილებთან დაკავშირებით, გასაგებია. არის პოლიტიკური კონტექსტი და საარჩევნო ციკლიდან გამომდინარე, პოლიტიკურ კონტექსტში გამოიყენებენ ამ წერილს“,- განაცხადა  გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი