გიორგი გახარია - გამოვიყენოთ კრიზისი, როგორც შესაძლებლობა, განათლების სამინისტრო ამის ძალიან კარგი მაგალითია
გიორგი გახარია - გამოვიყენოთ კრიზისი, როგორც შესაძლებლობა, განათლების სამინისტრო ამის ძალიან კარგი მაგალითია

სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწია განათლების პროცესის შეჩერება ქვეყანაში და ეს მოხდა 4 მარტს, მოგვიწია სწრაფი გადალაგება. განათლების სამინისტრომ ეფექტურად შეძლო დისტანციური განათლების წესების დანერგვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.

მისი თქმით, ეს მარტივი პროცესი არ ყოფილა.

„ეს არ იყო მარტივი და არაა იდეალური, მაგრამ ჩვენ თუ შევადარებთ მზაობის იმ დონეს, რომელიც იყო 4 მარტისთვის და რა გაკეთდა ორ თვეში, ეს არის ის, რასაც მე ვუწოდებ – გამოვიყენოთ კრიზისი, როგორც შესაძლებლობა და განათლების სამინისტრო ამისთვის ძალიან კარგი მაგალითია“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ათობით ათასი პედაგოგი დღეს თავის მოსწავლეებთან მუშაობს დისტანციურად, გარდა ამისა, შეიქმნა სპეციალური ქართული პლატფორმა, რომელზეც ხდება საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა.

ასევე პრემიერის შეფასებით, უაღრესად მნიშვნელოვანია „ტელესკოლა“ და მთავარია, რომ 2019-2020 წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდა.

„განათლების სისტემაში ათობით ათასი პედაგოგი დღეს თავის მოსწავლეებთან მუშაობს დისტანციურად. გარდა ამისა, შეიქმნა სპეციალური ქართული პლატფორმა „მაიკროსოფთის“ გარდა, რომელზეც ხდება საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და, რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანი – „ტელესკოლა“, რომელმაც მეც ბავშვობა გამახსენა და არის ასე პოპულარული. რა თქმა უნდა, „ტელესკოლის“ ეფექტურობა შეიძლება, კლასიკურ, აკადემიურ საგანმანათლებლო ნაწილში არ იყოს სრულფასოვანი და სრულყოფილი, მაგრამ მას აქვს უფრო მეტი დატვირთვა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ვართ პანდემიის პირობებში, ბრძოლაში და მთავარია, ეს წელი არ გამოცხადდეს აკადემიურ წლად. ის მინიმუმი, რომელიც იყო საჭირო ამ მიზნის მისაღწევად განათლების სამინისტრომ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთად შეძლეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, აქ გამოჩნდა კიდევ ერთი პრობლემა – ქვეყნის ინტერნეტიზაციის დონე.

„სწრაფად იყო მიღებული შედეგები და მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება დაგვიანებული იყოს, ამ ნაწილში მთავრობა მიიღებს სწრაფად, უაღრესად ეფექტურ გადაწყვეტილებებს,“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.