გიორგი გახარია -  ჩვენ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არასოდეს ყოფილა ისეთი დაცული, როგორც არის დღეს
გიორგი გახარია - ჩვენ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არასოდეს ყოფილა ისეთი დაცული, როგორც არის დღეს

აქციის დაშლასთან დაკავშირებით ჩვენ სრულად მივაწვდით რეალურ და ობიექტურ ინფორმაციას პარტნიორებს და ამ ნაწილშიც ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, რადგან დარწმუნებული ვართ ყველა ნაბიჯში, რომელიც აქციების დროს იყო განხორციელებული სამართალდამცავი სისტემის მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს, ამერიკელი კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება ისეთი დაცული, ღია და ტრანსფარენტული როგორიც დღეს არის, არასდროს ყოფილა.

„აქციის დაშლასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად მივაწვდით ინფორმაციას, რეალურ და ობიექტურ ინფორმაციას და ამ ნაწილშიც ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, რადგან დარწმუნებული ვართ ყველა იმ ნაბიჯში, რომელიც იყო აქციების დროს განხორციელებული სამართალდამცავი სისტემის მიერ. ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არასოდეს ისეთი დაცული, ღია და ტრანსფარენტული არ ყოფილა, როგორც არის დღეს. ეს ფაქტია და ამას მე არ ვაფასებ მარტო, ამას აფასებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები და ა.შ.“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი კონგრესმენების წერილს, რომელიც 13 დეკემბრითაა დათარიღებული, აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები, ადამ კინზინგერი და ჯერალდ ქონელი აწერენ ხელს. „ჩვენ დღეს გწერთ მზარდი შეშფოთებით, რაც უკავშირდება დაპირებულ პოლიტიკურ რეფორმებზე უარის თქმასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის შესახებ ცნობებს. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ოფიციალური პირები დაუყოვნებლივ განაახლებენ მოლაპარაკებებს და მიიღებენ მნიშვნელოვანი რეფორმების პაკეტს“, – აღნიშნულია წერილში.

დატოვე კომენტარი