გიორგი გახარია - ფოთის პორტის ტერმინალის სრული რეკონსტრუქციის ეტაპი უახლოეს პერიოდში დაიწყება, რომელშიც პირდაპირ ინვესტიციებს ამერიკული ფონდი ახორციელებს
გიორგი გახარია - ფოთის პორტის ტერმინალის სრული რეკონსტრუქციის ეტაპი უახლოეს პერიოდში დაიწყება, რომელშიც პირდაპირ ინვესტიციებს ამერიკული ფონდი ახორციელებს

ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ინვესტიციების სტიმულირებისთვის ყველაფერი გაკეთდა და ამის მაგალითია ფოთის პორტის ტერმინალის სრული რეკონსტრუქციის ეტაპი, რომელიც მალე დაიწყება.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც აფინანსებს სახელმწიფო, არ შეგვეჩერებინა ან შეჩერების ტემპი ყოფილიყო მინიმალური. ასევე ყველაფერი გავაკეთეთ, რათა დაგვესტიმულირებინა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამის კარგი მაგალითი გახლავთ ფოთის პორტის ტერმინალის სრული რეკონსტრუქციის ეტაპი, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება, რომელშიც პირდაპირ ინვესტიციებს ახორციელებს ამერიკული ფონდი. ეს პროექტი დაიწყო უკვე, უკვე იქნა გადმორიცხული 30 მილიონი დოლარი, ამ პროექტის სრული ღირებულება გახლავთ 93 მილიონი დოლარი. რეალურად, სამუშაოები დაიწყება უახლოეს დღეებში. ეს კიდევ ერთი დამადასტურებელია, როგორც სახელმწიფოს ზრუნვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, ასევე ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების, არამხოლოდ უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მიმართულებით, არამედ ეკონომიკური მიმართულებით და ამას ჩვენთვის ეკონომიკური შინაარსის გარდა, აქვს სხვა დატვირთვა“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, უნდა გაძლიერდეს ინვესტიციები საპორტო ინფრასტრუქტურაში.

„ყველაფერთან ერთად, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ინვესტიციები ჩვენს საპორტო ინფრასტრუქტურაში და ფოთის პორტი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭე, კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შავი ზღვისპირეთში საქართველოში საზღვაო ინფრასტრუქტურა და საპორტო ინფრასტრუქტურა იყოს თანამედროვე, განვითარებული და ხელი შევუწყოთ ყველაფერს, ახალი პორტების მშენებლობასაც მათ შორის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.