გიორგი გახარია - ფოთი უნდა განვითარდეს როგორც საზღვაო, სატრანსპორტო, საჰაერო ლოგისტიკური ცენტრი, ფოთის განვითარება დაკავშირებული უნდა იყოს პორტთან
გიორგი გახარია - ფოთი უნდა განვითარდეს როგორც საზღვაო, სატრანსპორტო, საჰაერო ლოგისტიკური ცენტრი, ფოთის განვითარება დაკავშირებული უნდა იყოს პორტთან

საქართველოში, მათ შორის ფოთში ძალიან ბევრი პრობლემაა, რომლის მოსაგვარებლად გვჭირდება წესრიგი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ფოთში, პარტიის ოფისის გახსნისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ფოთში დღეს პარტიის პირველი ოფისი გაიხსნა.

„ეს ქაოსი უნდა დამთავრდეს, ერთმანეთის ლანძღვა-გინება, ყოველდღიური გაურკვეველი მიზეზებით თუ უმიზეზოდ მიტინგები, ქუჩაში სიარული და ბევრი რამ. ჩვენს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, წყნარ, მშვიდ, თანაბარ გარემოში ღირსეულად, კეთილსინდისიერად იშრომონ და არჩინონ თავიანთი ოჯახები. ფოთს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს და უნდა ჰქონდეს. ბევრი რამე გაკეთდა, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ფოთს განვითარება, რა თქმა უნდა, პირდაპირ უნდა იყოს დაკავშირებული პორტთან. მოგეხსენებათ, პორტი ახლა ფართოვდება. ამას ბევრი შრომა დასჭირდა, რომ პორტის გაფართოების შეთანხმება როგორღაც მიღწეულიყო. იმედი მაქვს, ეს პროექტი ბოლომდე მივა, რადგან ფოთი უნდა განვითარდეს როგორც საზღვაო-სატრანსპორტო-საჰაერო ლოგისტიკური ცენტრი. აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ფოთის აეროპორტზე სატვირთო ნაწილში, რადგან ტვირთები ფოთისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. საერთოდ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენი რეგიონული მართვა ცოტა შეიცვალოს, უფრო დეცენტრალიზაციისკენ წავიდეს და ადგილზე წყდებოდეს ბევრი რამ. ფოთი ქართული ეკონომიკის ძალიან დიდი ნაწილია, თუმცა ქალაქში ბევრი რამ არ რჩება და ეს არის გამოსასწორებელი. ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვართ და არ ვიქნებით. ეს არის აუცილებელი ამ ქვეყნისთვის. უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს, რეგიონისა და ფოთის მომავლისთვის, ვიშრომოთ – ეს ერთი, მეორე, ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ეს პრივილეგირებული კასტები. ყველას უნდა გვქონდეს თანაბარი პირობები, ურთიერთობები, უნდა დასრულდეს ეს კორუფციული საკითხები“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, მისივე თქმით, ახალგაზრდების ხელშია მომავლის ცვლილება.

„რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა გავუხსნათ გზა ახალგაზრდებს. ამ ხალხის ხელშია ჩვენი მომავლის ცვლილება. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ისტერიკის, ლანძღვა-გინების გარეშე. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საქმიანად, ყოველდღიური შრომით, ჯერ უნდა შევქმნათ და გავხსნათ პარტიის ოფისი, შემდეგ უნდა მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში, უნდა გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში და შემდგომ ადამიანებს უნდა შევუსრულოთ ყველა ის დაპირება, რომელსაც გავცემთ.

მძიმე და ცუდი ის არის, რომ სამწუხაროდ, ამ ქალაქშიც და ამ ქვეყანაშიც არ მეგულება და არ ვიცი დაპირება, რომელიც გაცემული არ არის. ყველა დაპირება უკვე დიდი ხანია, გაცემულია. ერთადერთი, რაც ახლა გასაკეთებელია, უნდა ვიშრომოთ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ეს ვიცით და ეს გაგვიკეთებია. ძალიან კარგად გვესმის ყოველდღიური, კეთილსინდისიერი შრომის ფასი, იმისთვის, რომ ქვეყანა წავიდეს წინ. ამას გავაკეთებთ და ამას ვანახებთ ყველას, როგორ შეიძლება, ემსახურო შენს ქვეყანას, რეგიონს, ქალაქს კეთილსინდისიერად ისე, რომ შენი მოქალაქეები იყვნენ კმაყოფილი და მათი ჩართულობაც ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში იყოს მაღალი. ეს არის როგორც ჩვენ ამ ქვეყნის მომავალს ვუყურებთ და ეს არის როგორც ჩვენ ვაპირებთ შრომას ფოთის, სამეგრელოს, საქართველოს განვითარებისთვის. მადლობა, რომ აქ ხართ და იცოდეთ, რომ უპასუხისმგებლობა იქნება, ვიღაცამ ან მე რომ დაგპირდეთ, ხვალ ყველაფერი ასე ჯადოსნურად გამოსწორდება, ერთად თუ არ ვიშრომეთ. მაგრამ ერთ რამეს დაგპირდებით, რომ ტყუილი არ იქნება და ჩვენს გვერდით ყოველთვის იქნება სუფთა, კეთილსინდისიერი, მშრომელი ხალხი. ამას დაგპირდებით. აქაც რაღაც შეცდომები თუ იქნება, თქვენ უნდა იყოთ პირველი, ვინც ამას გაგვისწორებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.