გიორგი გახარია - ფიზიკური და იურიდიული პირები 2020 წლის სამელიორაციო საფასურისგან სრულად გათავისუფლდებიან, ასევე ჩამოეწერებათ სარწყავი წყლის 2012 წლის შემდეგ დაგროვილი გადასახადი
გიორგი გახარია - ფიზიკური და იურიდიული პირები 2020 წლის სამელიორაციო საფასურისგან სრულად გათავისუფლდებიან, ასევე ჩამოეწერებათ სარწყავი წყლის 2012 წლის შემდეგ დაგროვილი გადასახადი

სამელიორაციო საქმიანობის მხარდაჭერის ფარგლებში, სარწყავი წყლის 2012 წლის შემდეგ დაგროვილი გადასახადი გაუქმდება და როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს ჩამოეწერება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, 2020 წლის სამელიორაციო საფასურისგან სრულად გათავისუფლდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები.

„აგროკრედიტით ერთწლოვანი კულტურების დაფინანსების ნაწილში, მოგეხსენებათ, რომ დღეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება პირველადი სასურსათო პროდუქტების წარმოება, უბრალოდ სასურსათო ბაზის შექმნა. ამიტომ ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ამისთვის სახელმწიფომ გამოყო 50 მილიონი ლარი. ამ პროდუქტით სარგებლობას შეძლებს 5 000 ფერმერი.  ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რამეთუ ერთწლოვანი კულტურები არის სწრაფი ეფექტის მქონე და ამავე დროს, ყველას მოგეხსენებათ, თვითონ სოფლის მეურნეობა და მით უმეტეს, ერთწლოვანი კულტურები, მაღალი ეკონომიკური რისკის შემცველია“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ თითოეულ ჩვენს ფერმერს მხარში დაუდგეს და დაეხმაროს.

„გარდა ამისა, სამელიორაციო საქმიანობის მხარდაჭერისთვის, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, 2012 წლის შემდგომ დაგროვილი ყველა, ფიზიკური თუ იურიდიული პირის სარწყავი წყლის გადასახადი, იყოს გაუქმებული, ჩამოეწეროს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს. გარდა ამისა, 2020 წლის სამელიორაციო საფასურისგან სრულად გათავისუფლდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.