გიორგი გახარია - ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა არის დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ ამავდროულად, დიდი შესაძლებლობა
გიორგი გახარია - ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა არის დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ ამავდროულად, დიდი შესაძლებლობა

საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ეს არის ერთმნიშვნელოვნად დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ ამავდროულად, დიდი შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო მსგავს საერთაშორისო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს პირველად. ქვეყანა ევროსაბჭოს წევრი 20 წლის წინ გახდა.

„დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, დღის წესრიგის შექმნაში სრულფასოვნად მივიღოთ მონაწილეობა და ჩვენს ევროპელ კოლეგებს დავუყენოთ ის საკითხები, რომელიც აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხედვით, და შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რა როლი აქვს დემოკრატიზაციის პროცესებს ამ ქვეყანაში. კოლეგებო, როდესაც საქართველო გახდა ევროსაბჭოს წევრი 20 წლის წინ, ეს ნიშნავდა, რომ ქვეყანამ აიღო ვალდებულება, დაადასტურა მისი თანმიმდევრული ზრუნვა და სურვილი ქვეყნის დემოკრატიზაციის მიმართულებით, ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას შეფასებით, ეს მარტივი გზა არ არის და ქვეყანას წლების განმავლობაში მოუწევს რეფორმების გატარება.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მარტივი გზა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას კიდევ წლების განმავლობაში მოუწევს იყოს სხვადასხვა – სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიმართულებით რეფორმების გატარების რეჟიმში, ჩვენ ამ გზას არ გადავუხვევთ, ვინაიდან ეს არის ჩვენი მოქალაქეების არჩევანი, რასაც ვადასტურებთ დღესაც, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების თვალსაზრისითაც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გუშინ გახდა. თავმჯდომარეობის გადაბარების ცერემონია სტრასბურგში გაიმართა.