გიორგი გახარია - ევროკავშირის სახელმწიფოებთან განვაგრძობთ კონსულტაციებს, რათა ეტაპობრივად და შეთანხმებულად შევძლოთ მოქალაქეთა უსაფრთხო მიმოსვლის უზრუნველყოფა
ევროკავშირის სახელმწიფოებთან განვაგრძობთ კონსულტაციებს, რათა ეტაპობრივად და შეთანხმებულად შევძლოთ მოქალაქეთა უსაფრთხო მიმოსვლის უზრუნველყოფა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული.
გიორგი გახარია ამავე განცხადებაში საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით მადლობას უხდის ევროკავშირს აღიარებისთვის, ნდობისა და პარტნიორობისთვის, რომ ევროკავშირმა საქართველო იმ 15 ქვეყანას შორის დაასახელა, რომელზეც წევრი სახელმწიფოებისთვის საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით რეკომენდაციას გასცემს.
„დღეს ევროკავშირმა საქართველო იმ 15 ქვეყანას შორის დაასახელა, რომელზეც წევრი სახელმწიფოებისთვის საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით რეკომენდაციას გასცემს.
საქართველოს ე.წ. „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეყვანა არის ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის კიდევ ერთი დასტური, მნიშვნელოვანი მიღწევა და აღიარება იმ წარმატების, რომელიც საქართველოს, ჩვენს ხალხს და ხელისუფლებას აქვს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით.
ახლა უკვე, ჩვენ უშუალოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან განვაგრძობთ აქტიურ კონსულტაციებს, რათა ევროკავშირის მხრიდან გამოქვეყნებული ამ დოკუმენტის შესაბამისად, კოორდინირებულად, ეტაპობრივად და შეთანხმებულად შევძლოთ მოქალაქეთა უსაფრთხო მიმოსვლის უზრუნველყოფა.
საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით, მადლობას ვუხდი ევროკავშირს აღიარებისთვის, ნდობისთვის და სტრატეგიული პარტნიორობისთვის“, – აცხადებს გიორგი გახარია.