გიორგი გახარია ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს ოკუპირებულ რეგიონებში გაუარესებულ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ ვითარებაზე ესაუბრა
გიორგი გახარია ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს ოკუპირებულ რეგიონებში გაუარესებულ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ ვითარებაზე ესაუბრა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აუარესებს რეგიონში უსაფრთხოების გარემოს და მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამ საკითხის მაღალ დონეზე დაყენება როგორც საერთაშორისო, ისე რუსეთთან ორმხრივ ფორმატებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან რუდოლფ მიხალკასთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის ფაქტებს, უკანონო ბორდერიზაციას და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმართულებით საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმულ დესტრუქციულ ნაბიჯებს.

ყურადღება გამახვილდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის გაძლიერებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე დასმული საკითხების გადაჭრის აუცილებლობაზე.

ეუთო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სხვა თანათავმჯდომარე ორგანიზაციებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ჟენევის ფორმატში კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებების წარმართვის მიზნით.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ეუთო-ს მხარდაჭერის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში და ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

დატოვე კომენტარი