გიორგი გახარია - ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისა და წითელი ნუსხის სახეობების შენარჩუნებისთვის
გიორგი გახარია - ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისა და წითელი ნუსხის სახეობების შენარჩუნებისთვის

2020 წელს საქართველოში დაცული ტერიტორიების ფართობი 100 000 ჰექტარით გაიზრდება.  ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მთავრობა ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნის გადაწყვეტილებას იღებს.

„2019 წელს დაცული ტერიტორიების საერთო მოცულობა 10 პროცენტით გაიზარდა და შეადგენს ქვეყნის ტერიტორიის 9.6 პროცენტს.  თუმცა, ეს არ არის მაქსიმალური მაჩვენებელი. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო გეგმავს, 2020 წელს 100 000 ჰექტარით გაზარდოს დაცული ტერიტორიების რაოდენობა. დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნის შესახებ, რომელიც გახლავთ სასაზღვრო ზონაში და, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისა და წითელი ნუსხის სახეობების შენარჩუნებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, ვქმნით მნიშვნელოვან არეალს, სადაც ხელს შევუწყობთ გარემოს დაცვას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, 4 000 ჰექტარით ფართოვდება ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორია.

„ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული უნიკალური ტერიტორია კიდევ უფრო ეფექტიანად შეძლებს სახეოებების შენარჩუნებას. კონკრეტულად,  საუბარია კავკასიური ირმის და არჩვისთვის მცირეკავკასიონის დასავლეთის ქედებისკენ კორიდორის შექმნაზე. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია წითელი წიგნის ნუსხის ცხოველების გადასარჩენად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი