გიორგი გახარია ექსპერტებს - ჩვენს ეკონომიკას საკმაოდ სერიოზული გამოწვევები აქვს და ამ პირობებში სწორი, ობიექტური შეფასების მიცემა კრიტიკულად მნიშვნელოვანია
გიორგი გახარია ექსპერტებს - ჩვენს ეკონომიკას საკმაოდ სერიოზული გამოწვევები აქვს და ამ პირობებში სწორი, ობიექტური შეფასების მიცემა კრიტიკულად მნიშვნელოვანია

დღეს ჩვენს ეკონომიკას საკმაოდ სერიოზული გამოწვევები აქვს და ამ პირობებში ერთმნიშვნელოვნად სწორი, ობიექტური შეფასების მიცემა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ეკონომიკის ექსპერტებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ჩართული იყოს პროფესიული საზოგადოება და ამ შეხვედრით მთავრობა ადასტურებს, რომ მზად არის მწვავე, თუმცა ობიექტური დისკუსიისთვის.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე და ხაზი გაუსვა, რომ საფინანსო დოკუმენტი დატვირთულია სოციალური პასუხისმგებლობით და დაფუძნებულია ფისკალურ დისციპლინაზე.

„სულ რამდენიმე დღის წინ მთავრობამ დაასრულა მუშაობა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე. საკმაოდ საინტერესო ბიუჯეტი გამოვიდა, დაბალანსებული. ჩვენ მოვახერხეთ, მიუხედავად სოციალურ ნაწილში სახელმწიფოს პასუხისმგებლობის თვალსაზრისით გარკვეული ვალდებულებების ზრდისა, შეგვენარჩუნებინა ფისკალური დისციპლინაც და კაპიტალური ხარჯებიც. მიდგომა ძალიან მარტივია. გვესმის, რომ დღეს სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული კაპიტალური ხარჯები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, სახელმწიფო უწყებების მხრიდან მიმდინარე ხარჯების კონტროლი და ეფექტურობის ზრდა ძირითადი ამოცანა იქნება.

„2019 წელს საკმაოდ კარგ ტემპს აჩვენებს სახელმწიფო კაპიტალური ხარჯების ათვისების ნაწილში და მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით ტემპი შენარჩუნდება, ოდნავ გაიზრდება. ისევე, როგორც ერთმნიშვნელოვნად სახელმწიფო უწყებების მხრიდან, მიმდინარე ხარჯების კონტროლი და ეფექტურობის ზრდა იქნება ძირითადი ამოცანა. მარტივად რომ გითხრათ, ძირითად რესურსს ვხედავთ ეფექტურობის ზრდის ნაწილში. ამის რესურსი სხვადასხვა მიმართულებითაა – როგორც სოციალური უზრუნველყოფის, ჯანდაცვის, ასევე ინფრასტრუქტურის ნაწილში. გარდა ამისა, რეგიონულ დონეზე ხარჯვით ნაწილში. მოგეხსენებათ, რეგიონულ დონეზე კაპიტალური ხარჯები დღეს მილიარდ ორასი ათასზე მეტია და შესაბამისად, ყოველაფერს სჭირდება საკმაოდ სერიოზული კონტროლი – როგორც შიგნიდან, ასევე გარედან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი