გიორგი გახარია - ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რუსთავში შენდება ახალი საწარმო, რომელიც 3000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის
გიორგი გახარია - ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რუსთავში შენდება ახალი საწარმო, რომელიც 3000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის

ქალაქ რუსთავში კომპანია „აჭარა ტექსტილის“ შვილობილი სამკერვალო საწარმო „ქართლი ტექსტილი“ იხსნება, სადაც ოთხ თვეში 3000 სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელიც დღეს რუსთავში იმყოფებოდა.

მისი თქმით, ეკონომიკური კრიზისი პირობებში, რუსთავში ახალი საწარმო შენდება.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ შემეძლო, დღეს აქ არ მოვსულიყავი რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი მიზეზია, რომ, მართლაც, დღეს ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რუსთავში შენდება ახალი საწარმო, რომელიც შექმნის 3000 ახალ სამუშაო ადგილს. ერთმნიშვნელოვნად ეს არის მისასალმებელი და დღეს მთავრობის საზრუნავი დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის გარდა, სხვა არაფერი არ არის. ეს არის დღეს ჩვენი პრიორიტეტი. ყველას კარგად გვესმის, რომ ეკონომიკური კრიზისების პირობებში, ჩვენს მოქალაქეებს უბრალოდ შემოსავალი დააკლდათ ოჯახში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბიზნესზე დარტყმის მინიმიზება მოვახდინოთ და ახალი სამუშაო ადგილები შევქმნათ იმასთან ერთად, რომ არსებული სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ. ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ აქ ზუსტად ოთხ თვეში შეიქმნება 3000 სამუშაო ადგილი. ეს საწარმო ამოქმედდება და ეს არის სერიოზული მიღწევა რეგიონისა და ქალაქისთვის“, – განაცხადა პრემიერმა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი გახარიამ ასევე „აჭარა ტექსტილთან“ და საწარმოს დამფუძენებლთან თანამშრომლობაზე ისაუბრა.

„ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენი ვიყავი, როდესაც „აჭარა ტექსტილი“იწყებდა მუშაობას და ეს თანამშრომლობა იყო ძალზედ დინამიური. ეს იყო საწარმო ჯერ აჭარაში, შემდგომ იყო ფოთში, ქობულეთშიც მათ შორის და ეს არის მეოთხე, რომელიც ფაქტობრივად, ქართული მსუბუქი მრეწველობის ავანგარდია. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ასე დარგობრივადსექტორულად უნდა მივყვეთ. ეს არის საწარმო, რომელიც ამზადებს, კერავს საექსპორტო პროდუქციას“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

პრემიერი დღეს ქალაქ რუსთავში კომპანია „აჭარა ტექსტილის“ შვილობილი სამკერვალო საწარმოს „ქართლი ტექსტილის“ მშენებლობის პრეზენტაციას დაესწრო. შპს „ქართლი ტექსტილს“ სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცა მიწა მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, სადაც სამკერვალო საწარმოს ასაშენებლად კომპანია  20 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. აქედან 10 მლნ ლარი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აღებული სესხია. პროექტის ფარგლებში დასაქმდება 3000 ადამიანი, მათ შორის 90 პროცენტი ქალი.