გიორგი გახარია - ეკონომიკურად ვერაფერს მივაღწევთ, თუ მეზღვაურის პროფესია არ გახდა ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული, თქვენ რომ არ იყოთ, მსოფლიო ფაქტობრივად გაჩერდებოდა
გიორგი გახარია - ეკონომიკურად ვერაფერს მივაღწევთ, თუ მეზღვაურის პროფესია არ გახდა ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული, თქვენ რომ არ იყოთ, მსოფლიო ფაქტობრივად გაჩერდებოდა

თქვენ რომ არ იყოთ, მსოფლიო ფაქტობრივად გაჩერდებოდა, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მეზღვაურებს ბათუმში, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

გახარიამ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა.

„გილოცავთ მეზღვაურის საერთაშორისო დღეს. დღეს ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან ამ გლობალური პანდემიის პირობებში, მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო ვაჭრობის 90%-ზე მეტი მოდის საზღვაო გადაზიდვებზე. თქვენ რომ არ იყოთ, მსოფლიო ფაქტობრივად გაჩერდებოდა, ეკონომიკა გაჩერდებოდა. ეს ძალიან კარგად გვესმის და მინდა, დღეს განსაკუთრებით, ამ კრიზისში ეს დღე მოგილოცოთ“,- განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, საქართველოს დღეს დაახლოებით 12 000-ზე მეტი მეზღვაური ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის დროშების ქვეშ შრომობენ ქვეყნისთვის, ვაჭრობისა და მეზღვაურობის განვითარებისთვის.

„თითოეულ ადამიანს, ახლა ვინც ზღვაშია, მინდა მივულოცო ეს დღე. ყველას ვუსურვებ შინ მშვიდობით და ჯანმრთელად დაბრუნებას. საქართველოს რაც შეეხება – ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შავი ზღვა არის ამ ქვეყნის მომავალი. შავი ზღვა არის ჩვენი ბედი და შავი ზღვა არის საქართველოს კარიბჭე. ვერაფერს ეკონომიკურად ვერ მივაღწევთ, თუ მეზღვაურის პროფესია არ გახდა ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული, საჭირო, მეზღვაურის განათლება ხარისხობრივად სულ უფრო და უფრო თუ არ განვითარდა, მარტივია, სწორედ ამიტომ, ჩვენ პროფესიაც სულ უფრო და უფრო აქტუალურად ამოგვყავს პრიორიტეტებში.“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ფოთში საზღვაო აკადემიის მშენებლობა დაწყებულია.

„ფოთში დავიწყეთ საზღვაო აკადემიის ფილიალის მშენებლობა, რადგან შავიზღვისპირეთში უნდა გავიშალოთ. საქართველოში რაც უფრო მეტ მეზღვაურს მოვამზადებთ, ეს ჩვენი ეკონომიკის სიძლიერის მაჩვენებელი იქნება და საბედნიეროდ, ჩვენი აკადემია ამზადებს ღირსეულ კადრებს. ისეთ კადრებს, რომელზეც მოთხოვნა გლობალურად საკმაოდ მაღალია. საერთოდ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დღეს ჩვენი მეზღვაურები, რომლებიც შრომობენ სხვადასხვა დროშის ქვეშ, სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებში, ჩვენს ქვეყანას ეკონომიკურად უკვე ეხმარებიან. ეხმარებიან ბევრ ბათუმელს, თავიანთ ოჯახებს და საერთოდ, საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს. ამიტომ გილოცავთ მეზღვაურის საერთაშორისო დღეს“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.