გიორგი გახარია - ეკონომიკის გახსნაზე უნდა ვიმსჯელოთ ეტაპობრივად, რათა რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ეპიდემიის მართვის კუთხით დღევანდელი მიღწევა
გიორგი გახარია - ეკონომიკის გახსნაზე უნდა ვიმსჯელოთ ეტაპობრივად, რათა რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ეპიდემიის მართვის კუთხით დღევანდელი მიღწევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ეტაპობრივად უნდა იმსჯელონ ეკონომიკის გახსნაზე, რათა არსებული მიღწევა რისკის ქვეშ არ დადგეს.

„თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ისე როგორც გავაკეთეთ ზაფხულში, ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ. ეს ეხება პირველ რიგში თბილისს, ქუთაისს და რუსთავს. პირველ რიგში ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, კლასებში დაიწყონ სწავლა. რა თქმა უნდა, ამას თან ერთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებაც. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ ეტაპობრივად ისე, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ეპიდემიის მართვის ის მიღწევა, რომელიც როგორც ფაქტი დღეს ჩვენ გვაქვს ბოლო ორი თვის ერთობლივი მუშაობის, შრომის შედეგად.

რაც მთავარია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს მიღწევა სტაბილურად შევინარჩუნოთ, ვიდრე უფრო აქტიურად არ დავიწყებთ ტურიზმის გახსნას. მოგეხსენებათ, მაია ცქიტიშვილის, ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური გუნდი რამდენიმე დღეა, ხვდება სხვვადასხვა სექტორის, ბიზნესის წარმომადგენლებს, ამ შეხვედრების მთავარი მიზანია, რომ ეკონომიკის გახსნა იყოს მდგრადი, გონივრული და რაც მთავარია, დაცული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყოველდღიურად 2 000, 3 000, 4 000, 5 000 ინფიცირების შემთხვევაში, არანაირ ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაზე საუბარი არ და ვერ იქნება. ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავდგათ ნაბიჯები უფრო პასუხისმგებლიანად, გონივრულად და ფრთხილად, თუმცა დღეს გვაქვს შესაძლებლობა, დავიწყოთ მსჯელობა“, – აღნიშნა გახარიამ.