გიორგი გახარია - ძირითადი ამოცანა იქნება რეფორმირება, რათა სამუშაო ადგილების ზრდის მეშვეობით შევქმნათ ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა და საშუალო კლასი
გიორგი გახარია - ძირითადი ამოცანა იქნება რეფორმირება, რათა სამუშაო ადგილების ზრდის მეშვეობით შევქმნათ ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა და საშუალო კლასი

ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკის ძირითადი გამოწვევაა სამუშაო ადგილები და საბოლოო ჯამში, საშუალო კლასის სისუსტე ან გარკვეულწილად არარსებობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ეკონომიკის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფოს ვალდებულებაა, ატაროს სოციალური ტვირთი, ვიდრე  არ შეიქმნება ქვეყანაში ჯანსაღი, ძლიერი ბიზნესსექტორი, რომელიც შეძლებს, თავის თავზე აიღოს ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც მოქალაქეების წინაშე უნდა ატაროს.

„ფაქტობრივად, ჩვენ ვამბობთ, რომ მზად ვართ, პრობლემები, რომლებსაც ჩვენც და თქვენც ვხედავთ, დავდოთ მაგიდაზე და ვიმსჯელოთ. შესაბამისად, ჯანსაღი დისკუსიის ნაწილში დარწმუნებული ვართ, რომ ვიპოვით იმ გამოსავალს, რომელიც პირველ რიგში, იქნება ორიენტირებული ქვეყნის ეკონომიკური ზრდისკენ და ქვეყანაში სოციალური სტაბილურობის შენარჩუნებისკენ. საბოლოო ჯამში, როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, მივდივართ სამუშაო ადგილების რაოდენობაზე. ძირითადი ამოცანა იქნება რეფორმირება და კიდევ ერთხელ რეფორმირება, რათა სამუშაო ადგილების ზრდის მეშვეობით, ქვეყანაში შევქმნათ ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა და ჯანსაღი საშუალო კლასი, რაც ასევე აუცილებელია პოლიტიკური პროცესის სტაბილურობისთვისაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.