გიორგი გახარია - დიდი ხანია, ლონდონში არ ვყოფილვარ და დიდი სიამოვნებით ჩავალ
გიორგი გახარია - დიდი ხანია, ლონდონში არ ვყოფილვარ და დიდი სიამოვნებით ჩავალ

ძალიან დიდი ხანია, ლონდონში არ ვყოფილვარ, დაახლოებით ექვსი წელია და დიდი სიამოვნებით ჩავალ, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვაზე განაცხადა, ჩავა თუ არა ლონდონის სასამართლოში დაკითხვაზე, თუ „იბერიას“ სარჩელთან დაკავშირებით დაიბარებენ.

„ერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – როდესაც ეჭვები არსებობს, განსაკუთრებით ჩინოვნიკებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შესაბამისმა უწყებებმა უნდა იმოქმედონ კანონის სრული დაცვით და რაც შეიძლება სწრაფად. იმისთვის, რომ ამ კითხვებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, რომ ეს კითხვები გაურკვევლად ფუჭია, შესაბამისი პასუხი გაეცეს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კითხვაზე, აქვს თუ არა პირადად მას კითხვები ამ საქმეზე, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ამაზე ფიქრის დროც არ აქვს.

„არა. ამაზე ფიქრის დრო არც მაქვს და საერთოდ არ ვთვლი, რომ ეს ის თემაა რაზეც ბევრი უნდა ვიფიქროთ“, – განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე, ინტერესი აქვს თუ არა ამ საქმის მიმართ, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ „აბსოლუტურად არანაირი“ ინტერესი არ აქვს.

ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ, ხომ არ არსებობს სხვა ჩანაწერი, სადაც გიორგი გახარიას გვარი ფიგურირებს, რაზეც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა – „არ ვიცი, ვნახოთ“.

კითხვაზე, როდესაც მედიასა და ბიზნესზეა საუბარი, აქვს თუ არა ინტერესი, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ „იბერიას“ საქმეზე ინტერესი არ აქვს.

„რა თქმა უნდა, ამ საქმის მიმართ არანაირი ინტერესი არ მაქვს საერთოდ. ეს დროის კარგვაა. თუ გახსოვთ, მე საკმოდ დიდი პერიოდი ბიზნესომბუდსმენი ვიყავი. ძალიან კარგად ვიცი ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია და ის განსხვავებაც, მიუხედავად იმისა, რომ დიდი პერიოდი ამ ქვეყანაში არ მიცხოვრია, შემიძლია შევადარო აი ამ პოზიციაზე მუშაობას. ახლა აქ სიღრმეებში წასვლა არ მინდა. ერთადერთი მიზეზის გამო, საერთოდ შეუდარებელ თემებზე ვსაუბრობთ. ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის, რაც წლების წინ იყო და რაც ახლააა. შეუდარებელი თემაა, ამიტომ ამაზე საუბარი არ მინდა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კითხვაზე, ყალბია თუ არა ჩანაწერები, რომლებიც „იბერიას“ საქმის ირგვლივ გავრცელდა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს გამოძიების საგანია.

„წარმოდგენა არ მაქვს. ეს შესაბამისმა უწყებებმა დაადგინონ. თუ ყალბია, გვეცოდინება, რომ ყალბია. თუ ყალბი არ არის, გვეცოდინება, რომ ყალბი არ არის. ის ხალხი, ვინც ამ ჩანაწერებზე რაღაც თემებზე საუბრობს, თუ ეს შესაბამისი სტანდარტია, პასუხი უნდა აგონ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კითხვაზე, ვის სახელებსაც ახსენებენ ჩანაწერებში, მათაც პასუხი უნდა აგონ თუ არა, გახარიამ აღნიშნა – „არ მაინტერესებს“.

„ომეგა ჯგუფის“ ადვოკატის ინფორმაციით, კომპანიამ ლონდონის სასამართლოში საქართველოს მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურა დაიწყო. მისივე განცხადებით, ამ საქმეზე ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს ლონდონში დაკითხვაზე დაიბარებენ.