გიორგი გახარია - საერთაშორისო სასამართლო დღეს პირველად შეაფასებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს, რაც უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში
გიორგი გახარია - საერთაშორისო სასამართლო დღეს პირველად შეაფასებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს, რაც უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში

დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა. რამდენიმე საათში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს პირველად მიეცემა საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს და ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში.

„ეს გადაწყვეტილება იქნება ჩვენი თანამოქალაქეების, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების, სპეციალისტების 12-წლიანი შრომის შედეგი. ჩვენ, ყველანი დარწმუნებულნი ვართ, რომ იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. ეს ძირითადად იქნება საფუძველი ჩვენი მოქალაქეების ინტერესების შემდგომი დაცვისთვის საერთაშორისო დონეზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის პირველი საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასება 2008 წლის ომის“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, პრემიერის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს დამატებით ვალდებულებებს აკისრებს.

„ეს გადაწყვეტილება ჩვენ გვაკისრებს დამატებით ვალდებულებებს, როგორც მთავრობას. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ უახლოეს პერიოდში უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ქვეყნის დეოკუპაციის მიმართულებით. ამ ნაწილში ჩვენ გვქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც მივყვებით და, რომელსაც საზოგადოებას გავაცნობთ უახლოეს პერიოდში. დღეს არის უახლოეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღე. დღეს პირველად მიეცემა საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს და ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში, ახალი მესიჯი იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ კოორდინირებულ დონეზე დაიწყოს ოკუპაციის მიმართულებით მოქმედებები“, – განაცხადა გახარიამ.