გიორგი გახარია - დღეის მდგომარეობით, 12 მაისის ღამეს პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების არც ერთი შემთხვევა დადასტურებული არ არის
გიორგი გახარია - დღეის მდგომარეობით, 12 მაისის ღამეს პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების არც ერთი შემთხვევა დადასტურებული არ არის

დღეის მდგომარეობით, 12 მაისის ღამეს პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების არც ერთი შემთხვევა ომბუდსმენის ოფისში დადასტურებული არ არის, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება ორი ჯგუფი. მინისტრის თქმით, ერთი ჯგუფი იმუშავებს ზოგადად ნარკოპოლიტიკაზე

მეორე კი იმუშავებს უშუალოდ 12 მაისს განვითარებულ მოვლენებზე, იყო თუ არა გადაცდომები ღამის კლუბში ჩატარებული სპეცოპერაციებისას.

„მზად ვართ, კიდევ ერთხელ განვიხილოთ ეს საკითხი და თუ დადასტურდა ასეთი შემთხვევები, კონკრეტული, ამაზე ვისაუბროთ. შეიქმნება ორი ჯგუფი. ერთი იმუშავებს ნარკოპოლიტიკის მიმართულებით,

მოგეხსენებათ, სახელმწიფოს აქვს სერიოზული ფორმატი ჩამოყალიბებული ნარკოპოლიტიკის განვითარებასთან დაკავშირებით და ეს იქნება ასე ვთქვათ ხიდი, სადაც ჩვენ მოვისმენთ კოლეგების აზრს და შევძლებთ უფრო სწრაფად დავხუროთ ის კითხვის ნიშნები, რომლებიც არსებობს.

მეორე ჯგუფი იმსჯელებს პარასკევის ღონისძიებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს იქნება უფრო დელეგირებული ომბუდსმენის ოფისში. რადგან დღეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ოფიციალური მიმართვები უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე, არც ომბუდსმენის ოფისში, არც გენერალურ ინსპექციაში და არც მთავარ პროკურატურაში არ არსებობს“,- განაცხადა შს მინისტრმა.

გიორგი გახარიას ინფორმაციით, შს სამინისტროს ყველა თანამშრომელი, რომელიც კლუბებში იყო შესული, აღჭურვილი იყო სამხრე კამერით.

„შსს აქვს ძალიან მარტივი პასუხი, ყველა თანამშრომელი შინაგან საქმეთა სამინისტროსი, რომელიც იყო შესული კლუბში, იყო აღჭურვილი სამხრე კამერით. არც ერთი დადასტურებული ფაქტი, უფლებამოსილების გადამეტების, არ არსებობს. ვერ დადასტურდება, განსაკუთებით კლუბის შიგნით. ამაში კოლეგებიც დაგვეთანხმნენ. მათ ძირითადი შეკითხვები ჰქონდათ კლუბის გარეთ, ქუჩაში მომხდარზე. ჩვენ ვიპოვით ყველა ადამიანს, თითოეულს, მათი რაოდენობა იყო დაახლოებით 70, რომელიც ამ დროს იმყოფებოდა კლუბში და იქ არ დასტურდება ასეთი ფაქტები“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.