გიორგი გახარია დავოსში ესტონელ კოლეგას შეხვდა
გიორგი გახარია დავოსში ესტონელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ესტონელ კოლეგას, იური რატასს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს.

მთავრობის მეთაურმა ესტონეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ასევე, საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში.

მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც ივნისში ბრიუსელში გაიმართება და შეიმუშავებს ახალ ხედვას აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით.

ამასთან, საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

პრემიერ-მინისტრებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით.

პრესსამსახურის ცნობით, დადებითად შეფასდა სავაჭრო ურთიერთობებში არსებული პოზიტიური დინამიკა, ასევე ესტონელი ვიზიტორების მზარდი რიცხვი საქართველოში.

პრემიერ-მინისტრებმა ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავებისთვის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის ფორმატის შექმნის შესაძლებლობაც განიხილეს.

შეხვედრის დასასრულს, გიორგი გახარიამ იური რატასი საქართველოში მიიწვია.