გიორგი გახარია დავოსში 23 იანვარს რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და მსხვილი ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდება
გიორგი გახარია დავოსში 23 იანვარს რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და მსხვილი ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდება

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, დავოსში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 23 იანვარს რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და მსხვილი ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდება.

„მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერ-მინისტრი 23 იანვარს რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. პირველი, ეს გახლავთ პანელური დისკუსია, რომელიც დაეთმობა ევროპის ახალ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს. ამ დისკუსიაში პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისიის წარმომადგენლები და ჩვენ ვისაუბრებთ იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ევროპა და ევროკავშირი ქმნის აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებისთვის და კერძოდ, საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ყველასთვის საინტერესოა ის ხედვა რომელიც გააჩნია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ უფრო მტკიცე ევროპას, რომელშიც ჩვენს თავსაც ვხედავთ და ვხედავთ იმას, რომ ევროპა და ევროკავშირი არის უფრო მეტი შესაძლებლობების შემქმნელი თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის და ზოგადად, ამ კონტინენტზე მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის.

ასევე, იქნება შეხვედრები ბიზნეს წრეებთან, ისეთი მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან, როგორიც არის მაგალითად City group და სხვა,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, მთავრობის მეთაურის ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

პრემიერის მრჩევლის თქმით, გიორგი გახარია ხვალ აგრეთვე შეხვდება ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის გენერალურ მდივან ანხელ გურიას. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  ვინაიდან საქართველო მომავალ წელს აღნიშნული ორგანიზაციის დიდ ღონისძიებას მასპინძლობს, ეს იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, სადაც მიმდინარე საკითხებს განიხილავენ.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.