გიორგი გახარია - პანდემიის პირობებში ხელისუფლების კონცენტრაციაზე საუბარი ღიმილისმომგვრელია
გიორგი გახარია - პანდემიის პირობებში ხელისუფლების კონცენტრაციაზე საუბარი ღიმილისმომგვრელია

შეგვიძლია, კრიზისი გამოვიყენოთ შესაძლებლობად და ამის ძირითად გასაღები არის იმაში, რომ ამ კრიზისს ჩვენ სხვებთან შედარებით უკეთესად გავუმკლავდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა

მისი თქმით, საქართველო სხვებთან შედარებით კრიზისს უკეთესად გაუმკლავდა იმიტომ, რომ დროულად გადადგა ეფექტური ნაბიჯები.

„ამ ნაწილში, ყველაფრის მიუხედავად საკონსტიტუციო პროცესი იქნება ეს, თუ საკანონმდებლო ჩარჩო, ჩვენ არანაირი შესაძლებლობა არ გვაქვს, რომ უკან დავიხიოთ. ყველანაირი საკანონმდებლო ჩარჩო შექმნილია და საკონსტიტუციო წესრიგი დაწესებულია იმისთვის, რომ მისი უპირველესი ღირებულება არის ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. არავინ იცის, ამ კრიზისიდან რომ გამოვალთ, მსოფლიო საერთოდ როგორი იქნება. ჩვენ თუ ვითვალისწინებთ იმას, რომ ეკონომიკა ნელ-ნელა, ფრთხილად ავამოქმედოთ, პოლიტიკური პროცესი გავაცოცხლოთ, არჩევნები ნორმალურად ჩავატაროთ, თან აბსოლუტურად მართლები ვართ ამაში ყველაფერში, ამის კომუნიკაციის შესაძლებლობაც უნდა გვქონდეს და ეს ყველაფერი უნდა დავიწყოთ დღეს. ახლა, აქედან რომ ჩავალთ, ისევე როგორც ჩვენი კოლეგების ნაწილი პარლამენტში გააგრძელებენ ამას, რადგან ძალზედ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივებია, ეს უნდა დავალაგოთ ისე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სრულად, აბსოლუტურად მართლები ვართ და საბოლოოდ ღიმილისმომგვრელია ხელისუფლების კონცენტრაციაზე ლაპარაკი პანდემიის პირობებში, თან პანდემიის, რომელიც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის გამოცხადებული და ბოლო-ბოლო ამ ხალხს დაანახეთ, ეს ორი თვე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული რომ იყო, მთავრობა და ხელისუფლება საერთოდ როგორ იქცეოდა –  უკიდურესად ფრთხილად, არ შევხებივართ საერთოდ არაფერს, თან ვეუბნებით, რომ გამოხატვის თავისუფლება პრობლემა არ არის“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზეა საუბარი და მთავრობას ამაში დათმობის არც უფლება და არც შესაძლებლობა აქვს, თუმცა ნაბიჯები უნდა იყოს თანმიმდევრული.

„ვფიქრობ, სამწუხაროა ის ფაქტი, ასეთი უპასუხისმგებლო მოკიდება იმ თემებზე, რომლებიც ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ეხება, შემდგომ ეხება ეკონომიკის აღორძინებას, უბრალოდ სიღარიბის დაძლევას ქვეყანაში და შემდგომ ეხება ქვეყნისთვის ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვან, ხარისხიან არჩევნებს წლის ბოლოს. აქ დათმობის არც უფლება, არც შესაძლებლობა, არც საშუალება უბრალოდ არ გვაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენც ჩვენს ნაბიჯებში უნდა ვიყოთ თანმიმდევრული“, – განაცხადა პრემიერმა.