გიორგი გახარია - დავით გარეჯის საკითხი სტრატეგიულ პარტნიორთან მეგობრული სულისკვეთებით გადაწყდება, სადაც გათვალისწინებული იქნება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ეკლესიის ინტერესები
გიორგი გახარია - დავით გარეჯის საკითხი სტრატეგიულ პარტნიორთან მეგობრული სულისკვეთებით გადაწყდება, სადაც გათვალისწინებული იქნება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ეკლესიის ინტერესები

დელიმიტაცია-დემარკაცია პრინციპული საკითხია, ამ თემაზე გარკვეული წლების განმავლობაში იყო გაურკვეველი პაუზა, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში დავით გარეჯთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

დავით გარეჯზე კითხვები მინისტრს დეპუტატებმა პარლამენტის პლენალურ სესიაზე დაუსვეს, სადაც გახარია „მინისტრის საათის“ ფორტში წარსდგა.

„საკმაოდ ფაქიზი და ფრთხილი საკითხია. საკითხი მძიმედ დგას დაახლოებით 1996 წლის შემდეგ. ეს არის ქვეყნის პოსტ-საბჭოთა მემკვიდრეობა. ერთმნიშვნელოვანად ყველას გვესმის, რომ დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი არის პრინციპული საკითხი. ამ თემასთან დაკავშირებით, გარკვეული წლების განმავლობაში, აქ იყო გაურკვეველი პაუზა, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, მთავრობის უახლოს სხდომაზე დემარკაციის ახალი კომისია დაკომპლექტება.

„უახლოეს პერიოდში, ალბათ მთავრობის უახლოეს სხდომაზე დემარკაციის ახალი კომისია იქნება დაკომპლექტებული და ეს სამუშაო დაიწყება ჩვენს მეზობელთან ერთდ. რა თქმა უნდა, კომისია სასწრაფოდ შეუდგება მუშაობას და შესაძლებელ ვადებში, ყველა უნდა ვეცადოთ, ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიხუროს, რამეთუ ეს არის პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა, რომელიც გრძელდება უკვე ათწლეულებია. ყველას კარგად გვესმის, რომ აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ეს არის ჩვენი მოძმე ერი, რა თქმა უნდა, დემარკაციის კომისიის ფარგლებში ჩვენ ერთად გადავწყვეტთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ეხება კულტურული მემკვიდრეობის საკითხებს, ასევე შედის ჩვენი ეკლესიის ინტერესებში. ამაზე ორი აზრი არ არსებობს“, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ყველა სხვა სახის შეფასება, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.

„ყველა სხვა სახის შეფასება არის ქვყენის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული შეფასებები, ყველა შეფასება და შედარება, როგორიც იყო რუსეთის ფედერაცია და სხვა მსგავსი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქვეყანას ჰყავს ოკუპანტი, ეს არის რუსეთის ფედერაცია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველა სხვა ჩვენი მეზობელი იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ამაში არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი პოტენციალი და აქ გარკვეული კითხვის ნიშნებიც კი არა, გაჟღერებული არასწორი განმარტებები, არის მაღალი რისკის შემცველი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, დავით გარეჯის საკითხი როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ასევე ეკლესიის ინტერესების გათვალისწინებით გადაწყდება.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ დარწმუნებული ვარ, დავით გარეჯის საკითხი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მეგობრული ურთიერთობის სულისკვეთებით გადაწყდება, სადაც გათვალისწინებული იქნება როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ასევე ეკლესიის ინტერესები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე.